საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსხურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში "თიბისი ბანკიდან" მამუკა ხაზარაძის წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
გამსახურდია წერს, რომ საქართველოში რაც არ უნდა გააკეთო, მაგინებელი არ მოგაკლდება.
"რაც გინდა გააკეთო ამ ქვეყანაში, მაგინებელი არ მოგაკლდება. უსაქმური, უნიათო, უსწავლელი და ლაჩარი მაგინებელი, რომელიც შენი ლანძღვით საკუთარ უ-ს გადაფარავს. სწორედ ამიტომ, უნდა მიაფურთხო ამათ ყველას და ცალ-ცალკე. არის მეორე საშიშროებაც. ამ არარაობების იგნორირებისას ძალზე შორს შეიძლება შეტოპო, გამწარდე, გაბოროტდე ყველასა და ყველაფერზე და ადამიანობაცა და კანონებიც ფეხზე დაიკიდო. ამისათვის უნდა გქონდეს ღუზა, რომელიც დაგეხმარება და ეს არის შენი შინაგანი მორალური კანონი და შენდამი მონდობილთა ბედ-იღბალი. მე არ ვაპირებ ახლა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებული პერიპეტიებისა და საქმიანობის გარჩევას, ვეცდები დავწერო მოგვიანებით საკუთარი მოსაზრება. უბრალოდ ვიკითხავ:
რა სჯობდა, 2 მილიონი კლიენტის და 10 ათასი თანამშრომლის კეთილდღეობის დარტყმის ქვეშ დაყენება?! ქოცებს ჭკუა დაუშლიდათ თუ ნამუსი?! ქვეყანაში, სადაც კანონი, სასამართლო, პარლამენტი და მთავრობა ერთ კაცზეა მორგებული?! ეს ქვეყანა გვინდოდა ჩვენ და აჰა...
დარჩებოდა - იტყოდნენ, საკუთარ თავს უნდა ყველაფერი გადააყოლოსო. წავიდა - ამბობენ, გაიქცაო. ამიტომ დასაწყისში დაწერილი რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინო.
პ.ს. იმედი მაქვს, ხაზარაძე ქმედით ბრძოლას გააგრძელებს“, - წერს ცოტნე გამსახურდია.