"ეკა ბესელია ძლიერი ადამიანია და მის მიერ პარტიის ჩამოყალიბება პოლიტიკურ პროცესებზე დადებითად იმოქმედებს"

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ეკა ბესელიას გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ დატოვებასთან დაკავშირებით სამწუხარო ფაქტია.

მისივე განცხადებით, ეკა ბესელიას მიერ პარტიის ჩამოყალიბება პოლიტიკურ პროცესებზე  დადებითად იმოქმედებს, რადგან ძლიერი პოლიტიკური ძალები და პარტიები და განსაკუთრებით ოპოზიციური, ქვეყანას აკლია.

"თუ ეკა ბესელია არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ძალიან კარგია. მე მგონი, ძლიერი პოლიტიკური ძალები და პარტიები და განსაკუთრებით ოპოზიციური, ჩვენს ქვეყანას აკლია. ეკა ძალიან ძლიერი და გამოცდილი ადამიანია და შესაბამისად, ამ პროცესში თავის წვლილს შეიტანს. დაძაბულობა, რომელიც დეკემბრის ბოლოდან განვითარდა, რომლის კულმინაციაც ალბათ, გუშინ იყო სხდომაზე, ვისურვებდი, მოხერხებულიყო პროცესების ისე წარმართვა, რომ ნაკლები დაძაბულობის ფონზე მიგვეღწია შედეგისთვის. ამისთვის ალბათ, ორივე მხარის მხრიდან მზაობა არის საჭირო", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, ის დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს საპარლამენტო საქმიანობას.