საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის წარმომადგენლის დავით ხოსრუაშვილის თქმით, დეცენტრალიზაციის მიმართულებით, ის, რაც დაიწყო ძალიან კარგია და ალბათ, უკვე შეუქცევადი პროცესია. რეალურად პლუსები უკვე გამოჩნდა, ეს არის მაგალითად დღგ-ს დატოვების ნაწილი. ანუ აქამდე როგორ იყო - გათანაბრებით ტრანსფერზე იყო დამოკიდებული მუნიციპალიტეტი, თვეში ერთხელ ერიცხებოდა. უნდა დაერეკა ფინანსთა სამინისტროში და ეთხოვა, რომ ჩაერიცხა ან არ ჩაერიცხა. ახლა დღგ უკვე ყოველდღიურ რეჯიმში ავტომატურად ირიცხება.
„შემდეგი სიკეთე ის არის, რომ თუ ზედმეტი შემოვიდა გადასახადი, დღგ აღარ აკლდება. ეს ყველაფერი მუნიციპალიტეტს მოტივაციას აუმაღლებს იმისთვის, რომ იმუშაონ მეტი გადასახადის მიღებაზე. აქამდე ეს მოტივაცია არ ჰქონდათ. შესაბამისად მოსახლეობასაც მუნიციპალიტეტი უფრო მეტს დაახარჯებს. აქამდე ცენტრალრ ბიუჯეტზე იყვნენ დამოკიდებული და რამდენსაც განუსაზღვრავდა ფინანსთა სამინისტრო, იმაზე მეტს ვერ დახარჯავდა“, - ამბობს ხოსრუაშვილი.
მისი თქმით, მალე ამუშავდება კიდევ ერთი საკითხი: „მაგალითად, მოსახლემ რაღაც საკითხის გამო ცენტრალურ სტრუქტურებს უნდა მიმართოს, მაგრამ უფრო მარტივია მისთვის მუნიციპალიტეტმა და მერიამ მოუგვაროს ეს პრობლემა. ლიცენზიები სხვადასხვა ბუნებრივი რესურსების, მოსაკრებლები, სოციალური საკითხები - ეს ის თემებია, რომლებიც ადგილზე გადაწყდება“.