დასხდებიან თუ არა ერთ მაგიდასთან ბურჯანაძე და სააკაშვილი?

დასხდებიან თუ არა ერთ მაგიდასთან ბურჯანაძე და სააკაშვილი?

შეიძლება, რომ ერთ მაგიდასთან დასხდნენ ნინო ბურჯანაძე და სააკაშვილი? - ამ კითხვით "დემოკრატიული მოძრაობის" გენერალურ მდივანს, გიგლა ბარამიძეს "ალიამ" მიმართა. ბარამიძე ამას გამორიცხავს და ამბობს, რომ ოპოზიციის საერთო მოთხოვნას, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს 21 პარტია აწერს ხელს..

რაც შეეხება მათი პარტიის წევრის, გუბაზ სანიკიძის ბოლოდროინდელ განცხადებებს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ბარამიძე ამბობს, რომ სანიკიძეს შეხვდება და უფრო კონკრეტულად გაარკვევს მისი განცხადებების შინაარსს

"სააკაშვილის სიტყვების არ შეიძლება დაიჯერო, მოსიარულე მატყუარაა და მის სიტყვაზე როგორ შეიძლება კაცმა კომენტარი გააკეთოს. რაც შეეხება გუბაზ სანიკიძეს, დიდი ხანია გუბაზს არ შევხვედრივარ, მაგრამ ვიცი, რომ თვითონ უარყო, არ ყოფილა ჰოლანდიაში და არ შეხვედრია სააკაშვილს, მას განზოგადებული პოზიცია ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ საჭირო გახდა ყველასთან შეიძლება საუბარიო, მაგრამ ამაზე რომ ყოფილიყო პარტიაში სერიოზული მსჯელობა, ასე არ ყოფილა. ალბათ, შევხვდები და უფრო კონკრეტულად გავერკვევი მე თვითონ, ალბათ, იტყვის, რას გულისხმობდა. მე მგონი, ამასთან დაკავშირებით მან უკვე გააკეთა განმარტება...

გამორიცხულია, იმ სისხლისმსმელებთან ერთად დაჯდომა. ეს 21 პარტია ხელს რომ აწერს მოთხოვნას მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ, იქ ჩვენი წარმომადგენელიცაა, "ნაცებისაც" და "ევრონაცების" წარმომადგენლებიც არიან დანარჩენ 19-თან ერთად, მაგრამ ის, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა და "ნაცმოძრაობა" ერთად დასხდნენ და რაღაცა მოიმოქმედონ, რა თქმა უნდა, ეს გამორიცხულია, რაც არ უნდა განცხადება გაკეთდეს." განაცხადა ბარამიძემ "ალიასთან" ინტერვიუში