თიბისი გალერეაში ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის წიგნის - „Martin Parr Tbilisi" პრეზენტაცია შედგა.
1980-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფი და პრესტიჟული სააგენტოს „Magnum Photos" წევრი - მარტინ პარი - საქართველოს თბილისის მერიის მოწვევით, 2018 წლის ივნისში მესამედ ესტუმრა. წიგნი ფოტოგრაფის თბილისში გადაღებული ფოტოების მიხედვით შეიქმნა და ცნობილ გერმანულ გამომცემლობასთან - „Prestel Publishing"-თან თანამშრომლობით, მიუნჰენში გამოიცა. წიგნში ასევე შევიდა პარის 2009 წელს თბლისში გადაღებული რამდენიმე ფოტო. წიგნის ტექსტი აკა მორჩილაძეს ეკუთვნის.
მარტინ პარიმ ინოვაციური სახეებისა და სოციალური ფოტოგრაფიის მიმართ განსხვავებული მიდგომის, ასევე, დიდ ბრიტანეთში და მის საზღვრებს გარეთ ფოტოგრაფიის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ნამუშევრებში დაკვირვების სიზუსტისა და განსხვავებული ფერების გამო პარი 1980-იანი წლებიდან ყველაზე წარმატებული და პოპულარული ფოტოგრაფების სიაში მოხვდა და სააგენტო „Magnum Photos"-ს ერთ-ერთი მთავარი წევრი გახდა.
პრეზენტაციის პარალელურად, თიბისი გალერეაში გამოფენა - „თბილისი მაგნუმის წიგნებში" გაიხსნა. ექსპოზიცია 71 წლის განმავლობაში „Magnum Photos"-ს წევრი ისეთი ფოტოგრაფების მიერ თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს, როგორებიც არიან: რობერტ კაპა, ანრი კარტიე-ბრესონი, კარლ დე კეიზერი, ინგ მორატი, გიორგი პინხასოვი, იონას ბენდიკსენი, პაოლო პელეგრინი, თომას დვორჟაკი და მარტინ პარი. ექსპოზიცია იწყება ფოტოებით, რომელიც რობერტ კაპამ, 1947 წელს, ჯონ სტეინბეკთან ერთად თბილისში მოგზაურობისას გადაღო. სწორედ ამ წელს დაარსდა სააგენტო „Magnum Photos". გამოფენას მარტინ პარის მიერ 2018 წელს შექმნილი ნამუშევრები ასრულებს.
თიბისი გალერეაში მოსულმა დამთვალიერებელმა პარიზში, „Magnum Photos"-ს ოფისში გამოფენის მზადების პროცესისა და წიგნის შესახებ ვიდეო რგოლებიც იხილა.
საქართველოში ჩამოსვლამდე წიგნისა და გამოფენის პრეზენტაცია ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის მთავარ სცენაზე შედგა.
პროექტი თბილისის მერიის მიერ, თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის დირექტორი "Magnum Photos"-ს წარმომადგენელი საქართველოში - ეკა ენუქიძეა.
ღონისძიების პარტნიორები არიან: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
გამოფენა თიბისი გალერეაში 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.