იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს, შეისწავლოს ალეკო ელისაშვილის განცხადება. მეთოფიშვილი წერს:
„კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას და უცხოელ პარტნიორებს. ბატონებო და ქალბატონებო! კიდევ ერთხელ გეკითხებით - რას ელოდებით? რატომ არ იღებთ ხმას? რაც შეეხება ელისაშვილის ამ უღირს განცხადებას, ამჯერად მოვუწოდებ პროკურატურას - სასწრაფოდ დაიწყოს რეაგირება და დაადგინოს ელისაშვილის ეს განცხადება იაფფასიანი ტყუილია, თუ ნამდვილად არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებიც ჯერჯერობით გაჩერებული ჰყავს ელისაშვილს, თუმცა მალე, როგორც თვითონ ამბობს მათ აუშვებს.
შევახსენებ საზოგადოებას, რომ გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში, როდესაც ჰიტლერმა პირველად დაიწყო თავისი აზრების და იდეების საჯაროდ გახმოვანება, მაშინაც საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი არასერიოზულად აღიქვამდა მას, როგორც უბრალო ჯამბაზს. თუმცა, შემდგომში გავიდა წლები და ყველამ კარგად დაინახა რა საშინელი უბედურება მოუტანა ამ კლოუნმა გერმანიას და მთელ მსოფლიოს“, - წერს სერგო მეთოფიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
„აქციები კი არა, ჩემს გარშემო ძალიან ბევრი მეხვეწება, რომ დავიჭიროთ ლევან მურუსიძე და ნაგვის ყუთში ჩავაგდოთ თავითო. მეხვეწებიან წამოდით, დავხვდეთ და ჩავაყუდოთ თავით ნაგვის ყუთში, როგორც უკრაინაში აყუდებდნენო. მათ ვაჩერებ და ვეუბნები, რომ იქნებ პარლამენტში აღმოაჩნდეთ ნამუსი, გაჩერდეს უვადოდ დანიშვნა და ა.შ. ხალხი „ფეისბუქში“ მწერს, ქუჩაში მაჩერებენ და მეხვეწებიან ნაგვის ყუთში ჩავაგდოთ ეს მურუსიძე და ა.შ. მაგათი ადგილი არის იქ... ივანიშვილი იქამდე ნუ მიიყვანს საქმეს კობახიძიან, მურუსიძიან, ოხანაშვილიან, მათიკაშვილიან ნაგვის ყუთში ვუკრათ თავი, თავის შარვალ-„კოსტუმებიანად“... ხალხი მეხვეწება ნაგვის ყუთში ჩავაყუდოთ ეს მურუსიძეები და ჩინჩალაძეები. არავის ვემუქრები, მაგრამ თვითონ მიჰყავთ საქმე იქამდე“, - ეს განცხადება ალეკო ელისაშვილმა „პალიტრა ნიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ გააკეთა.