„ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩემს ღია მიმართვაში არის ფაქტები. თუ ვინმემ იქ საკუთარი თავი ამოიცნო და გააიგივა, ეს მისი პრობლემაა, ასეთი „ანასხლეტები“ კი ყველგან არიან, სამწუხაროდ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატების იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს
„მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერების ინიციატორები „სააკაშვილის დროინდელ გადმონაშთებს“ და ,,ანასხლეტებს“ გვიწოდებენ, არადა, ისინი სწორედ იმ წარსულს აბრუნებენ“, – წერს გვრიტიშვილი.
როგორც ცნობილია, მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერების თაობაზე კანონპროექტს ხელს აწერენ: გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი.