„RettuLIT2“ - პრეზენტაცია თსუ-ში

„RettuLIT2“ - პრეზენტაცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშილიტერატურული კრებულის „RettuLIT2“ (ლიტერატურული დაბრუნება2) პრეზენტაცია გაიმართა, რითაც დასრულდა  მეასე საიუბილეო წელი და უნივერსიტეტი 101 წლის იუბილეს ახალი მიზნებითა და გამოწვევებით შეხვდა. ლიტერატურულ კრებულში სხვადასხვა თაობის 17-მა ქართველმა მწერალმა სიტყვების ძალით მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა, პირად ნივთებში კი, სულხან საბა ორბელიანის ნაქონი ატლასის ფრაგმენტები გაიყოლა. სწორედ ისტორიული გეოგრაფიული ატლასი სულხან-საბა ორბელიანის მინაწერებით გახდა მწერლების ინსპირაციის წყარო. ავტორები უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ასევე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ გამარჯვებულები არიან, რომელსაც თსუ და  „ჯეოსელი“, გასული წლიდან კი „სილქნეტი“ ერთობლივად ახორციელებენ.

„ამ პროექტის  მთავარი გზავნილი გახლავთ ის, რომ ჩვენი უნივერსიტეტი არ არის ლოკალური და ჩაკეტილი, არამედ  გახსნილი გვაქვს საზღვრები.  ისევე როგორც თავის დროზე, ქართლის ელჩი მოგზაურობდა ევროპაში,  ასევე უწევთ ლიტერატურული მოგზაურობა ჩვენს ავტორებს. ისინი  დიდი სიამოვნებით წამოგვყვნენ. ნაწარმოებებში სხვადასხვა მხარეს განვითარდა მოვლენები - სხვადასხვა ქვეყანაა, სხვადასხვა ჟანრია, სხვადასხვა ემოციაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ განაგრძობს მსგავსი ლიტერატურული პროექტების განხორციელებას და ჩვენი ავტორები ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნებიან,“- განაცხადა თსუ საზოგადოებასთსნ ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნინო კალანდიამ.        

საუბილეო კრებულში „RettuLIT2“ მკითხველი იმოგზაურებს უნივერსიტეტთან და ავტორებთან ერთად. უნიკალური ატლასი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმშია დაცული, ატლასი 1711 წელს ქალაქ ნიურნბერგშია გამოცემული და სხვადასხვა დროით დათარიღებული 67 რუკისგან შედგება. ფერად ატლასზე ქართული მინაწერები სულხან საბას მიერ წითელი ფერის მელნითაა შესრულებული. გულდასმით გამოყვანილი ქართული ასოები იმ გეოგრაფიულ ლოკაციებსა და ნახატებს ამშვენებს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კონტინეტზე მიმოფანტულ ქვეყნებს ვიზუალურად გამოსახავს. საიუბილეო კრებულისთვის თითოეულ მწერალს ატლასის ის ნაწილი შეხვდა, რომელზეც კონკრეტული ქვეყანა, გეოგრაფიული ნიშანი და სულხან-საბას ქართული მინაწერია დატანილი, აღნიშნული ფრაგმენტი იქცა ინსპირაციად, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები შეიქმნა.

„ჩემთვისაც ინსპირაციის წყარო იყო მე-18 საუკუნის  ატლასი, რომელზეც სულხან- საბას ხელით წითელი მელნითაა  დატანილი წარწერები. მე ამაში დავინახე რისკი, სიკვდილის რისკი თუნდაც; ამხელა მოგზაურობაში მიდის თავისი ქვეყნისთვის, თავისი მეფისთვის. ხელმოცარული იყო ეს მისია, მაგრამ სამაგიეროდ დაგვიტოვა არაჩვეულებრივი ნაწარმოები „მოგზაურობა ევროპაში“, სადაც მართლა ოდისეა არის ქართველი ინტელექტუალის. სადაც ყველა დეტალს აქცევს ყურადღებას. ფართოდ გახელილი თვალები აქვს. მე  ჩემს ჩანახატს დავარქვი „ფართოდ გახელილი თვალები“. ევროპა და მოგზაურობა ევროპაში ნიშნავს ფართოდ გახელილ თვალებს, როცა ადამიანი ცდილობს რაღაც ახალს გაეცნოს, ახალი გამოცდილება მიიღოს,“- განაცხადა ერთ-ერთმა ავტორმა, თსუ პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა.

„ძალიან ნოვატორული და საინტერესო იდეაა. ლიტერატურა განახლებადია. გარდა იმისა, რომ ახალი კუთხით უნდა წერო, მკითხველმაც სხვა კუთხით უნდა დაინახოს შენი ნაწერი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებდი ამ პროექტში.   ყველასთვის - ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის სიურპრიზი იქნება ერთმანეთის ნაწერების წაკითხვა. გულისყურით წავიკითხავ,“- აღნიშნა ერთ-ერთმა ავტორმა,  მწერალმა გურამ ოდიშარიამ.

„RettuLIT, ლიტერატურული დაბრუნება“ პირველი წიგნი 2013 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 95 წლის იუბილეზე გამოიცა. მაშინდელ საიუბილეო გამოცემაში სხვადასხვა თაობის 15-მა უნივერსიტეტელმა მწერალმა მიიღო მონაწილეობა. წიგნში ლიტერატურული კვალი „პირველსხიველებიდან“ ახალბედა მწერლებამდე, უნივერსიტეტის სტუდენტებამდე მოდის. პირველმა პროექტმა თითოეული მათგანის უნივერსიტეტზე მოგონებები  გააერთიანა.

წიგნის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელას კონცერტით დასრულდა.