ფოთში მე-11 დღეა მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის სამძებრო ღონისძიება მიმდინარეობს. დღეს შემთხვევის ადგილზე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, სასულიერო პირებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.
იგი მოზარდის ოჯახის წევრებსა და მაშველებს შეხვდა. მან მაშველებს საკვები პროდუქტები მიუტანა.
„რაც ფოთში მოხდა, ეს უკვე მთელმა საქართველომ იცის, რომ მდინარე რიონში მოზარდი გადავარდა, მისი ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს და ერთი წამითაც არ წყდება - დღისით თუ ღამით. რა თქმა უნდა, დიდი მწუხარებააა, დიდი განსაცდელია არა მარტო ოჯახის, არამედ თითოეული ადამიანის. ერთი მხრივ, იმის ნუგეშიღა არსებობს, რომ იპოვონ წყალში ჩავარდნილი ბავშვი, რომ ოჯახმა შეძლოს მისი ნახვა და დატირება.
"მადლობელი ვარ მაშველების, ყველა იმ ადამიანის, ვინც ნებაყოფლობით მხარში უდგას მათ, ეხმარება რითიც შეუძლია და ერთი წამით არ წყდება საძიებო სამუშოები. ეს უკვე დიდი ნუგეშია პირველ რიგში ოჯახისთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის. ჩვენ ვცდილობთ რამდენადაც შეგვიძლია სულიერად მხარში დავუდგეთ, ვანუგეშოთ, თუმცა რეალობა მძიმეა. ღმერთმა დალოცოს ჩვენი მაშველები და ეს ოჯახი, რომლის კარსაც განსაკუთრებით მძიმედ მიუკაკუნა ამ განსაცდელმა", - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.
29 იანვარს, ფოთში, მდინარე რიონში ხიდიდან 16 წლის მოზარდი გადავარდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ბიჭი ხიდის მოაჯირზე ავიდა, ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.