სამეცნიერო სემინარით „როგორ შეიძლება ძველი ქალაქი ჭკვიან ქალაქად იქცეს?“ გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 101 წლის აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიებები. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიის წარმომადგენლები, ქართველი და იტალიელი მეცნიერები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „მნიშვნელოვანი კონფერენციაა, რომელიც ეძღვნება კულტურისა და ინდუსტრიის შერწყმას ქალაქებში. როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ტექნოგენული გავლენა მინიმალიზებული იყოს ისტორიულ ლანდშაფტებსა და რელიეფზე; როგორ უნდა დაეხმაროს მეცნიერება ამ კუთხით ტურიზმის განვითარებას; როგორ შეიძლება გამოყენება იმ სიმდიდრისა, რაც გვაქვს ამ ქალაქში და როგორ უნდა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ასპექტების გათვალისწინებით.“
„უნივერსიტეტი საიუბილეო დღეს მასპინძლობს იტალიის დელეგაციას, რომლის წევრებიც გაგვიზიარებენ გამოცდილებას უძველესი ქალაქების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. ისეთი ქვეყნის გამოცდილება, როგორიც არის იტალია - იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უმრავლესობის სამშობლო, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.
იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ანტონიო ბარტოლის თქმით, „კულტურული მემკვიდრეობა, მისი წარმოჩენა და დაცვა როგორც იტალიაში, ასევე საქართველოშიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საჭიროა ტურიზმის განვითარებისთვისაც. პრეზენტაციებზე საუბარია თუ როგორ შეიძლება მობილური ტელეფონების თუ სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით გაიგო ინფორმაცია კულტურის ძეგლის შესახებ; საინტერესოა განათების მეშვეობით კულტურისა და ისტორიული ძეგლების სხვადასხვანაირად წარმოჩენის თემაც.“
სემინარის მიზანია ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით კულტურული ტურიზმის განვითარება, ისტორიული ქალაქების რეკვალიფიკაცია, ისტორიული ურბანული ლანდშაფტის მართვა, ძველი ისტორიული ქალაქების თანამედროვე ქალაქად წარმოჩენა და სხვადასხვა დარგის ქართველ და იტალიელ მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარება. ღონისძიების ორგანიზატორია თსუ, საქართველოში იტალიის საელჩო და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭო.