წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით დაჯილდოება თსუ-ში

წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით დაჯილდოება თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გოჩა ჯაფარიძე და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ უნივერსიტეტის მედლით, ხოლო პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით (მედალი და დიპლომი) დააჯილდოვეს. წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიის მიმნიჭებელი საბჭოს შეკრება ვარშავის უნივერსიტეტის ტიშკევიჩების სასახლეში დეკემბერში გაიმართა და წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია პროფესორ გოჩა ჯაფარიძესა და  მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას ვარშავის უნივერსიტეტმა მიანიჭა, დაჯილდოების ცერემონია კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებას პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მარიუშ მაშკიევიჩის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია კიდევ ერთი შემთხვევაა, იმის საჩვენებლად, რომ წმ. გრიგოლ ფერაძე საქართველოსა და პოლონეთს ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს. „მეორე მსოფლიო ომამდე წმ. გრიგოლ ფერაძის საქმიანობა პოლონეთში იყო თავგანწირვა მეცნიერებისთვის. მე მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, როგორც პოლონეთის ელჩმა საქართველოში, გრიგოლ ფერაძის სახელობის ჯილდო გადავცე პოლონურ-ქართული ურთიერთობის განვითარებაში მნიშვნელოვან პირებს: მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას, რომელსაც დიდი როლი აქვს შესრულებული პოლონურ-ქართულ ურთიერთობაში და პროფესორ გოჩა ჯაფარიძეს - მისმა სამეცნიერო სტატიებმა და წიგნებმა აჩვენა პოლონეთში, რომ საქართველო ევროპული კულტურის ნაწილია,“ - განაცხადა ელჩმა.   

„მიხარია, რომ წმ. არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის სახელი დღეს უკვე თავისუფლად ჟღერს ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს მისი სამეცნიერო და პუბლიცისტური მემკვიდრეობა შევისწავლოთ, ეს ძალიან გააღრმავებს ჩვენს ცოდნას საქართველოს ისტორიისა და ქართველ მოღვაწეთა შესახებ,“ - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ.

თსუ პროფესორმა გოჩა ჯაფარიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვარშავის უნივერსიტეტს მინიჭებული ჯილდოებისთვის მადლობა გადაუხადა. „გრიგოლ ფერაძის შესანიშნავი ნაშრომი, რომელიც ევროპელ პილიგრიმთა ჩანაწერებს ეხება - ქართველი ბერებისა და ქართველი ეკლესია-მონასტრების შესახებ პალესტინაში, მე გამოვეცი ქართულად. მანამდე იცოდნენ ეს ნაშრომი, მაგრამ მასობრივად ცნობილი არ იყო. ფერაძის დახმარებით ჩვენ გვაქვს ევროპული წყაროები, ჩემი მოკრძალებული წვლილით გვაქვს არაბული წყაროები. ქართული სიწმინდეების ისტორიის შესწავლის საქმეში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც თავის დროზე გრიგოლ ფერაძის დამსახურება იყო,“ - განაცხადა თსუ პროფესორმა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი, ორიენტალისტი და დიპლომატი გოჩა ჯაფარიძე  ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით სირიასა და ეგვიპტის არქივებსა და წიგნსაცავებში საქართველოს შესახებ დაცული უცნობი არაბული ისტორიული, გეოგრაფიული, ბიოგრაფიული და გენეალოგიური ჟანრის თხზულებებისა და ხელნაწერების შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა; ასევე, მონოგრაფიისთვის – „ქართველთა სავანეები და სამონასტრო თემი წმინდა მიწაზე XI-XVIII საუკუნეებში (არაბული ნარატიული და დოკუმენტური წყაროების მიხედვით)“ და წმ. გრიგოლ ფერაძის ცხოვრებისა და სამეცნიერო მემკვიდრეობის შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა საქართველოში საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ისტორიული გიმნაზიის აღდგენის, ვარშავის უნივერსიტეტში წმ. გრიგოლ ფერაძის სრული შრომების ქართულ ენაზე გამოცემის მხარდაჭერისთვის, ასევე, ვარშავის უნივერსიტეტსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო კავშირების დამყარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია 2010 წელს ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის ქართველოლოგიურ ჟურნალ „პრო გეორგიას“ ინიციატივით დაწესდა და მას ორ წელიწადში ერთხელ გასცემს. პრემია მის ლაურეატებს იმ ჰუმანიზმისა და ფასეულობებისთვის გადაეცემათ, რომელებსაც ისინი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამკვიდრებდნენ.