„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს დეპუტატის დატერორების მცდელობად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ კადრების გასაჯაროება ივანიშვილის დაკვეთით მოხდა.
„ვერ იღებს პასუხისმგებლობას ეს ხელისუფლება იმაზე, რომ გამოიძიოს საკითხები და დამნაშავეები დასაჯოს, ეს არის ტერორი, რომელსაც ახორციელებს ეს ხელისუფლება და ამას ვერავინ გაბედავდა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის გარეშე. ეს არის მისი მეთოდები გაანადგუროს ადამიანი. ამ ხელისუფლების ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ლაქაა. ყველა პრემიერისგან გვახსოვს, რომ პირადი ღირსების საქმედ იხდიდა, რომ გამოეძიებინათ ეს საქმე, მაგრამ პირადი ღირსების საქმე კი არა პირიქით, ბიძინა ივანიშვილის მითითებითა და დაკვეთით არიან დაკავებულია მით ხელისუფლების წარმომადგენლები“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
შეგახსენებთ, 28 იანვარს დეპუტატ ეკა ბესელიაზე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები გავრცელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოს წევრმა დავით ჭიჭინაძემ გაავრცელა, რომელმაც სოციალური ქსელის საშუალებით ფარული ჩანაწერი მიიღო. საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და ჭიჭინაძე გამოკითხა.