"საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევროს გადახდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და შეიძლება არ აღსრულდეს"

რუსეთის პარლამეტის ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარის ანდრეი კლიშასის განცხადებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 მილიონი ევროს გადახდის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და სავარაუდოდ, რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ამის შესახებ ანდრეი კლიშასმა სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“რუსეთის კანონმდებლობაში გათვალისწინებულია სპეციალური მექანიზმი, რომლის თანახმად, საერთაშორისო სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები შეიძლება არ აღსრულდეს რუსეთის ტერიტორიაზე“, - აცხადებს კლიშასი.

„აღვნიშნავ, რომ ჩვენ ეს მექანიზმი რამდენჯერმე გამოვიყენეთ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალური ანალიზის შემდეგ შესაძლებელი იქნება საუბარი რუსეთის პოზიციაზე ყველა გარემოების გათვალისწინებით“, – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ მოსკოვს, რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.