ნატო-საქართველოს სწავლება, ალიანსის მაღალი რანგის წარმომადგენლების, მათ შორის გენერალური მდივნის და სამხედრო კომიტეტის ვიზიტები, ისევე როგორც სხვა ერთობლივი აქტივობები ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერის დადასტურებაა. ნატო საქართველოს განიხილავს როგორც მომავალ წევრს-სახელმწიფოს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მასთან თანამშრომლობას. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ამ თანამშრომლობის შინაარსი და უპრეცედენტო მასშტაბები, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის და თავდაცვის სფეროში ლევან იზორიას ხელმძღვანელობით გატარებული და მიმდინარე რეფორმების პირდაპირი შედეგია. სწორედ ეს რეფორმებია ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც განაპირობებს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მიღებული დახმარებების ჩვენი თავდაცვის საჭიროებებთან სინქრონიზაციას და საქართველოს ალიანსის ბევრ წევრ-სახელმწიფოზე უფრო თავსებად ქვეყანად ტრანსფორმაციას.