მობილურის ტარიფების გაძვირება დროებით გადაიდო

მობილურის ტარიფების გაძვირება დროებით გადაიდო

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართვის შემდეგ, კომპანია "სილქნეტმა" განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ტარიფები დროებით აღარ გაძვირდება. კომპანიის თქმით, ამ გადაწყვეტილებამდე მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარესთან ყოველდღიური კომუნიკაციის შედეგად მივიდნენ.

"ორი კომპანიის შერწყმის შემდეგ, გაჩნდა კონვერგენტული (გაერთიანებული) პროდუქტების შეთავაზების აუცილებლობა. სილქნეტის თანამშრომლების მრავალთვიანი დაძაბული შრომის შედეგად, გამოვიტანეთ ახალი გაერთიანებული პაკეტები, რაც საზოგადოებას 2019 წლის 16 იანვარს შევატყობინეთ.

ამის შემდეგ, მოხდა მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარის მიერ განცხადების გაკეთება, სადაც დაფიქსირდა ჩვენს ახალ პროდუქტებზე განსხვავებული მოსაზრება და მისი მხრიდან ეს ფასების გაძვირებად იქნა შეფასებული, ასევე მან დააფიქსირა კვლევის ჩატარების აუცილებლობა.

მარეგულირებელ კომისიასთან და პირადად მის თავჯდომარესთან სილქნეტის მენეჯმენტის ყოველდღიური კომუნიკაციის შედეგად, კომპანია მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ

1) დაველდოთ მათ მიერ დაანონსებულ კვლევის შედეგებს

2) კომპანიამ დამოუკიდებლად ჩაატაროს კვლევა უცხოელი ექსპერტების საშუალებით", - წერია "სილქნეტის" განცხადებაში.

მობილური ქსელების გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 21 იანვარს გავრცელდა. "სილქნეტი" სატარიფო ცვლილებებს 1 მარტიდან გეგმავდა.