ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წამყვანმა მწარმოებელმა „ქართული ლუდის კომპანიამ“ (სს „ქართული ლუდის კომპანია“) 25,000,000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2018 წელს კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ერთ-ერთი უმსხვილესი ტრანზაქციაა. ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯარო ემისიის გზით და ეს კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო.
ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი), ხოლო ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში 2018 წლის 26 დეკემბერს მოხდა. ობლიგაციების მნიშვნელოვანი ნაწილის შეძენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მოახდინა და აღსანიშნავია, რომ ეს არის დალისტულ ლარის ობლიგაციებში EBRD-ს რიგით მეორე ინვესტიცია.
„2018 წელი კომპანიისათვის საკმაოდ საინტერესო იყო. „ქართული ლუდის კომპანიამ“ მოახერხა 5 წლიანი ობლიგაციების გამოშვება და განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე. მთლიანობაში 25 მლნ ლარის ობლიგაციები გამოვუშვით და განვათავსეთ, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ინვესტორების მხრიდან არის ძალიან მაღალი ნდობა კომპანიისადმი - რომელიც გამოიხატება როგორც კომპანიის სტარტეგიული განვითრების სწორ ხედვაში, ასევე ჯანსაღ და სტაბილურ ფინანსური მდგომარეობაში. „ქართული ლუდის კომპანია“ აღნიშნულით განვითარების სულ სხვა ეტაპზე გადადის, რადგანაც 2019 წლის პირველი იანვრიდან იგი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე კომპანია ხდება. კომპანია ანგარიშვალდებული იქნება, საკუთარი მიღწევები და ფინანსური მაჩვენებლები ყოველკვარტლურად თუ ყოველწლიურად საქართველოს ეროვნულ ბანკთან, საფონდო ბირჟასთან და ინვესტორებთან დაადეკლარიროს,“ - აღნიშნა კახა კოტრიკაძემ, „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა.
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ მორიგი შემთხვევაა, როდესაც ვმუშაობთ ინდუსტრიის წამყვან მოთამაშესთან - „ქართული ლუდის კომპანიასთან“ და ვეხმარებით კომპანიას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში კაპიტალის ბაზრის მეშვეობით. აღნიშნული ობლიგაცია ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოების სექტორში გამოშვებული პირველი საჯარო ობლიგაციაა და მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს მთლიანი სექტორის სამომავლო განვითარებისა და ლარით დაფინანსების წყაროების შექმნისათვის,“ - აღნიშნა ირაკლი ელაშვილმა, „თიბისი კაპიტალის“ დირექტორმა.
ობლიგაციები, რომელთა საერთო ძირი თანხა შეადგენს 25,000,000 (ოცდახუთი მილიონი) ლარს, ხოლო დარიცხული პროცენტი - 400 საბაზისო პუნქტი (სპრედი) დამატებული საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთზე, რომლებიც ვადამოსული ხდება 2023 წლის 21 დეკემბერს, გამოშვებულ იქნა 2018 წლის 21 დეკემბერს, 10,000 (ათი ათასი) ლარი ნომინალური ღირებულების ობლიგაციებად და მათი გამოსყიდვა მოხდება 2021 წლის 21 დეკემბერს, მათი ძირი ღირებულებით. ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია ორი მიმართულებით გამოიყენებს: 1) კაპიტალური დანახარჯების დაფინანსება 2) არსებული საბანკო სესხების რეფინანსირება.
„ქართული ლუდის კომპანია’’ თიბისი ჯგუფთან დაფუძნების დღიდან თანამშრომლობს. 2011 წლიდან დღემდე ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა თიბისი ბანკთან, მთავარ ფინანსურ პარტნიორთან ერთად. 2018 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კომპანიისთვის ფინანსირების წყაროების დივერსიფიკაციის კუთხით. თიბისი ბანკისა და ევრობანკის მიერ განხორციელდა კომპანიის ერთობლივი დაფინანსება და მნიშვნელოვნად შემცირდა კომპანიის დანახარჯები უცხოურ ვალუტაში მოზიდულ ფინანსურ სახსრებზე. ობლიგაციების ემისიის საშუალებით კი ქართული ლუდის კომპანიამ მიიღო გრძელვადიანი რესურსი ლარში, რაც ამცირებს სავალუტო რისკებს კომპანიისთვის.