პატარა ნინოს, რომელიც გარდაცვლილი ნახეს, მთელი საქართველო გლოვობს. მისი ხანმოკლე ცხოვრება დაბადებიდან ტრაგიკული იყო. ის დღენაკლული დაიბადა. ერთი თვიდან 4 წლამდე ბიოლოგიურ დედასთან კი არა, მიმღებ ოჯახში იზრდებოდა. მას ქალბატონი ირინა და მისი მეუღლე შვილივით ზრდიდნენ. ქალბატონი ირინა ამბობს, რომ ნინო დამჯერი, ჭკვიანი ბავშვი იყო და არც ჯანმრთელობის მნივნელოვანი პრობლემა ჰქონია – მას ნული ფორმის რაქიტი ჰქონდა.
"ნინო არც აგრესიული იყო, როგორც ამას ამბობენ, პირიქით – ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო. სამწლინახევრამდე ბავშვს რომ გაზრდი და მასზე მზრუნველობ, უკვე საკუთარი შვილივით გყავს და ეს ჩემი ოჯახის ძალიან დიდი ტრაგედიაა, ამ ამბავს როგორ გადავიტან, არ ვიცი…
ვერ ვიტყვი, რომ გონებაშეზღუდული იყო. უბრალოდ, ნინო დღენაკლული იყო, პატარა წონის დაიბადა და ნელ-ნელა ეწეოდა მის ასაკს, ფეხიც გვიან აიდგა, თანდათან დავაყენეთ ფეხზე. თავიდან დახოხავდა, მაგრამ ახლა დარბოდა.
ნინოს თავის დაბანა არ უყვარდა, მაგრამ თვალზე ხელს ვადებდი, რომ წყალი და საპონი არ ჩასვლოდა და გავდიოდით იოლად. ტანის დაბანაზე კი გიჟდებოდა, ისე უყვარდა. აბაზანაში სათამაშოებს ჩავუყრიდი და საათობით შეეძლო იქ ჯდომა.. ამ ნოლისებური რაქტის გამო, მას დანიშნული ჰქონდა ზღვის მარილის აბაზანები და ამიტომ დიდხანს მყავდა წყალში. თამაშობდა და უხაროდა.
ის იგივე ჩემი შვილი იყო და მე ვარ დღეს მისი ჭირისუფალი, ძალიან მიმძიმს", – განუცხადა "კვირის პალიტრას" ქალბატონმა ირინამ.