ექსპერტი გია ხუხაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შეფასებისას აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნებიდან“ არავის არ უნდა წასვლა და შესაბამისად ყველა იბრძოლებს იმისთვის, რომ დარჩეს. სახელმწიფოსთვის კი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გარიცხავენ თუ არა გუნდიდან ეკა ბესელიას.
"2020NEWS“-სთან ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ყველა პოზიცია მოისმინა და ხვალ შეეცდება, არდაგის მსგავსი ვერდიქტი გამოიტანოს.
"ამ სხდომიდან არაფერს არ ველოდი. დაახლოებით წარმოდგენილი მქონდა სცენარი. „ქართული ოცნება“ გახლავთ, პარაზიტული წარმონაქმნი, რომელიც პარაზიტირებს ივანიშვილის რესურსებზე. შესაბამისად მკვებავი სხეულიდან მოშორება, არც ერთ პარაზიტს არ უნდა და ადგილის შენარჩუნებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
რა თქმა უნდა, პრინციპები კარგია, მაგრამ პრინციპები მაშინ არის კარგი, თუ კეთილდღეობას შეინარჩუნებ. ასე უდგება „ქართული ოცნების“ ყველა წევრი პროცესს. თუ წიხლით არ გააგდეს ვიღაც, ბუნებრივია, ბოლომდე იბრძოლებენ მის ქვეშ საკუთარი ადგილის შესანარჩუნებლად. ეს არის მათი მოღვაწეობის ამოსავალი წერტილი. გამოსავალი გახლავთ ის, რომ პერსპექტივა არავის არ აქვს. როგორც კი ბიძინა ივანიშვილს შორდებიან, მაშინვე საპნის ბუშტებივით სკდებიან. ლიდერების გენერაცია ამ პარტიაში არ მომხდარა. შესაბამისად, რომ წავიდნენ, სად წავიდნენ? ამიტომ ეპოტინებიან ბოლომდე“.
ხუხაშვილის თქმით, კობახიძის გუნდი ჭკვიანურად მოიქცა, დღეს განცხადებები რომ არ გააკეთა.
„ეს ნიშნავს, რომ ჭკვიანურად მოიქცნენ. ახლა დაელოდებიან ბიძინა ივანიშვილის ვერდიქტს. მკვებავი სხეულისთვისაც არ არის კარგი შექმნილი სიტუაცია. მას ესმის, რომ ბაბილონის გოდოლი, რომელიც თვითონაც ძალიან არ მოსწონს, თავზე ენგრევა, რამენაირად უნდა შეინარჩუნოს მადლიერი კონსტრუქცია, ისიც არ მიდის ბოლომდე გამწვავებაზე და მანევრირებს რაღაცნაირად. ჩანდა კომენტარებში, რომ მარევრებს აკეთებს და სიხისტეს არ ავლენს. მან დღეს მოისმინა პოზიციები და და ახლა შეეცდება, არდაგის მსგავსი ვერდიქტი გამოიტანოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
დაპირისპირებების ფონზე სხდომის დამთავრების შემდეგ ეკა ბესელიას გაკეთებულ რბილი განცხადებებს ხუხაშვილი ივანიშვილის გულის მოგების მცდელობად აფასებს.
"რევერანსები აკეთა პარტიის მიმართულებით. ის ცდილობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გული მოიგოს, ყველა მის ფრაზაში ეს იკვეთება. ლიდერი დაახლოებით 50-ჯერ გაიმეორა. ეს ყველაფერი ისე ადვილად იკითხება, იმდენად ბანალურია და თეთრი ძაფით არის ნაკერი, ღიმილის მეტს არაფერს იწვევს. ეს არის ჩვენი პოლიტიკის ტრაგიკომედია. ყველას ჰგონია, რომ ჭკვიანები არიან და სინამდვილეში ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს ხოლმე“, - აცხადებს ხუხაშვილი.
ხუხაშვილის თქმით, გარიცხავენ თუ არა ბესელიას, ამას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფოსთვის.
"ბესელიას გარიცხავენ, თუ - არა არ აქვს მნიშვნელობა. გაუშვებენ, თუ არა ბესელიას, ამით ხომ სახელმწიფოებრივი პრობლემა არ წყდება. „ქართული ოცნებიდან“ რამდენი გვინახავს წასული. პრემიერ-მინისტრები წასულან და საპნის ბუშტებივით გამსკდარან. ბესელია და სხვები იქნებიან თუ არა „ქართულ ოცნებაში“, ამას რა მნიშვნელობა აქვს. პოლიტიკურად არავინ არაფერს არ წარმოადგენს, ფაქტობრივად ყველაფერი ერთ ადამიანზე დგას, მის ემოციებსა და გადაწყვეტილებებზე. „ქართული ოცნების“ ყველა წევრი რომ წავიდეს, მაინც ვერაფერს ვერ გავიგებთ, რადგან რეალურად ის ყველა არავინ არ არის, ის ხომ ერთი კაცია“, -განაცხადა ხუხაშვილმა.