თბილისის საქალაქო სასამართლოში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა. სხდომაზე მოსამართლე ნიკა მარგველაშვილმა გეგა გეგეშიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.
პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. გეგეშიძე სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.
ამასთან, სასამართლომ გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.