მოსკოვი ყველას კატეგორიულად მოუწოდებს, უარი თქვან ვენესუელაში სამხედრო ჩარევაზე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„განსაკუთრებულ განგაშს იწვევს ის მესიჯი, რომელსაც ზოგიერთ ქვეყანაში ახმოვანებენ იმის თაობაზე, რომ გამორიცხული არ არის გარედან სამხედრო ჩარევა. ყველას კატეგორიულად მოვუწოდებთ, უარი თქვან ამგვარ აზრებზე. მივმართავთ ვენესუელას ოპოზიციას, რომელიც იმედია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ანიჭებს პრიორიტეტს, არ გახდნენ „პაიკები“ სხვის ბინძურ და დანაშაულებრივ თამაშში. როდესაც აშშ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე შფოთავს იმის გამო, რომ ვინმე მათ არჩევნებში ერევა, თვითონ აშშ უხეშად ერევა სხვა ხალხის შიდა საქმეებში“, – განაცხადა ლავროვმა.
გუშინ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.