„მსჯელობა გაგრძელდება ხვალ“ - რა ხდებოდა „ოცნების“ დახურულ შეხვედრაზე

„მსჯელობა გაგრძელდება ხვალ“ - რა ხდებოდა „ოცნების“ დახურულ შეხვედრაზე

„ყველა შევთანხმდით, რომ ეს პროცესი ისე არ უნდა წარმართულიყო, როგორც წარიმართა და აუცილებელია, პროცესი იყოს ღია და გამჭირვალე იმისათვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს მხოლოდ ღირსეული კანდიდატის შერჩევა.

„ამაზე მსჯელობა გაგრძელდება ხვალ. შეფასდა, რომ პროცესის ასე ნაჩქარევად გადაწყვეტა არ უნდა მომხდარიყო. ამ პროცესს მაღალი ლეგიტიმურობა უნდა ჰქონდეს - უზენაეს სასამართლოში ვირჩევთ მოსამართლეებს უვადოდ, რომელთაც უნდა განსაზღვრონ ადამიანის ბედი, როდესაც სასამართლო პროცესში იქნებიან ჩართული," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

დღეს „ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. საკითხი შეეხებოდა უზენაეს სასამართლოში დასანიშნ მოსამართლეთა სიასა და შერჩევის კრიტერიუმებს, რაზეც საუბარი, როგორც ზოიძე „რეზონანსთან"ამბობს, ხვალაც გაგრძელდება.

მისი თქმით, პარლამენტში კენჭისყრის დროს, მოსამართლეთა ისეთი სია უნდა იქნას წადგენილი, რომელსაც საზოგადოების მაღალი ნდობა ექნება.

„საუბარი შეეხებოდა პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის მოსამართლეთა სიას - რა კრიტიუმები უნდა შევიმუშაოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამჭირვალედ წარიმართოს პროცესი, რომელშიც საზოგადოებას მაღალი ნდობა ექნება. სია, რომელიც პარლამენტში მოხვდება, იყოს მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული.

„საუბარი ასევე შეეხო იმას, თუ რატომ არსებობდა ის პროცესები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში იყო. იგი არასასურველი იყო იმ კუთხით, რომ კამათმა ისეთი ფორმა მიიღო, რომელიც არ უნდა მიეღო. შიდა პარტიული დისკუსიები, რა თქმა უნდა, იყო და უნდა იყოს ასეთ მნიშვნელოვან თემებზე. ყველას ჰქონდა აზრის გამოთქმის საშუალება და მათ შორის ქალბატონ ეკას, ბატონ გედის და პარტიის თავმჯდომარესაც, ზოგადად ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს," - აღნიშნა ზოიძემ.

შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიასა და სხვა „მეამბოხე" დეპუტატების პარტიიდან გარიცხვას, ზოიძე აცხადებს, რომ როგორც უმრავლესობის წევრები, ასევე პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების წინააღმდეგია.

„არც პარტიის თავმჯდომარე ემხრობა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, არც უმრავლესობის რომელიმე წევრი, რადგან განსახვევებული აზრისთვის ადამიანები არ უნდა იდევნებოდნენ, თუნდაც შიდა პარტიული დისკუსიის დროს. უბრალოდ, იყო საუბარი იმაზე, თუ რაზე შეიძლება პოზიციის დაფიქსირება, რაზე ჯობია, რომ შეთანხმებული პოზიცია დავაფიქსიროთ და ა.შ.

„ეს პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილი და ჩვენ უნდა შევძლოთ ამ პროცესის ორგანიზება. ეს არის ჩვენი ამოცანა, როგორც პარლამენტის წევრების, რომელთაც უნდა აიღო თავის თავზე პასუხისხმგებლობა.

„ასევე უნდა ჩამოვყალიბდეთ ვის დავუჭერთ მხარს და ვის - არა. თავისუფალი კენჭისყრა იქნება, ყველა თავისი მრწამსის მიხედვით დააფიქსირებს თავის პოზიციას," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.