დღეს გუნდში არსებობს თანხმობა, რომ ყველა ვიმუშავებთ და მივიღებთ ისეთ სასამართლოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა.
„ყველას ჰქონდა შესაძლებლობა ამ თემაზე პოზიციები გამოეთქვა და ვფიქრობ, პროცესი უბრუნდება ნორმალურ სამუშაო კალაპოტს. ძირითად პრინციპებზე შეთანხმების რესურსი არსებობს, რომლითაც უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების დროს სამუშაო პროცესში უნდა ვიხელმძღვანელოთ. შეხვედრა გაგრძელდება ხვალაც. შეხვედრა ჩვენ დავუთმეთ არგუმენტირებულ რეჟიმში მსჯელობას და ვხედავ რესურს, რომ ამ საკითხზე პრინციპული შეთანხმებები გუნდში იყოს მიღწეული. რაც მთავარია, დღეს შეიძლება ითქვას, რომ გუნდში არსებობს თანხმობა, რომ ყველა ვიმუშავებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებებს სასამართლოსთან დაკავშირებით, რომელიც ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ისეთ სასამართლოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
“ქართულ ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა გაფართოებული სხდომა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა.