“არ მაქვს უკმარისობის განცდა, რომ რაიმეს თქმა ვერ მოვახერხე…”

“არ მაქვს უკმარისობის განცდა, რომ რაიმეს თქმა ვერ მოვახერხე…”

„ქართულ ოცნებაში“ კონსულტაციების პირველი რაუნდი დასრულებულია – როგორც უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ამბობს, შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ საერთო პოზიციების შეჯერებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდეს.

„ვფიქრობ, საჭირო შეხვედრა იყო. პირველ რიგში, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ შეხვედრის მოდერაციას ძალიან კარგად აკეთებდა. რამდენიმე ადამიანს გვქონდა შესაძლებლობა, გვეთქვა სათქმელი, რა არის ჩვენი განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრება, რომელიც ეხება იმ 10-კაციან სიას და მოსამართლეთა შერჩევის საკითხს. საუბარი დღეს ვერ დავასრულეთ, რადგან კიდევ ბევრი გამომსვლელია. შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს შეხვედრები, რომ ყველამ ბოლომდე თქვას გამოხატოს პოზიცია და შევჯერდეთ საერთო პრინციპზე. შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება.

მე არ მაქვს უკმარისობის განცდა, რომ რაიმეს თქმა ვერ მოვახერხე. კარგი შესაძლებლობა იყო მიმღეობისა და მოსმენის თვალსაზრისით განსხვავებული მოსაზრებები გაგვეზიარებინა. ჩემი პოზიცია არც დახურულია და არც კონფიდენციალური. იგივე პოზიცია მაქვს ამ სიასთან და პროცესთან დაკავშირებით, რასაც გიზიარებდით. ამ პოზიციას ბუნებრივია, არ შევიცვლი. რაც შეეხება არგუმენტებს, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი, როგორი უნდა იყოს კრიტერიუმები, რა პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ, ამაზე გავაგრძელებთ მსჯელობას და საბოლოოდ, როცა შევჯერდებით, შემიძლია გითხრათ, რაზე შევთანხმდით და ალბათ ყველა ისაუბრებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,  უზენაეს სასამართლოში უნდა გამწესდნენ მოსამართლეები, რომელთაც ექნებათ პროფესიული ეთიკის ძალიან მაღალი სტანდარტი და არ იქნება დაკავშირებული ძალადობრივ სისტემასთან.

„რამდენიმე პრინციპული საკითხია. პრინციპულია ჩემთვის, რომ უზენაეს სასამართლოში უნდა გამწესდნენ მოსამართლეები, რომელთაც ექნებათ ძალიან მაღალი სტანდარტი პროფესიული ეთიკის, მორალის, წარსულის და არ უნდა იყვნენ დაკავშირებული ძალადობრივ სისტემასთან. პროცესი მაქსიმალურად უნდა გადმოვიდეს პარლამენტში. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა თავისი მნიშვნელოვანი როლი აიღოს, რათა იუსტიციის საბჭო არ გახდეს ბარიერი იმისთვის, რომ რეალურად შერჩევის პროცესი მიმდინარეობდეს.

პარტიის თავმჯდომარეს ჰქონდა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და როლი, ის კარგად უძღვებოდა არც თუ ისე იოლ სხდომას, ამ პროცესის კარგ მედიაციას ახდენდა და გვქონდა შესაძლებლობა, გვეთქვა ყველაფერი“, – განაცხადა  ბესელიამ.