ჭიდაობის ოჯახის წევრობა ცალმხრივია?!

ჭიდაობის ოჯახის წევრობა ცალმხრივია?!

ცნობილი ფოტოგრაფი და საზოგადოებრივი აქტივისტი გოგა ჩანადირი ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ მოვლენებს ეხმაურება.

"ამ გეგეშიძეს მოჭიდავეები მხარს რომ უჭერენ, სად იყვნენ დათუნაშვილის ცემის დროს? თუ ჭიდაობის ოჯახია, ნაცემ მოჭიდავეს მხარი რატომ არ დაუჭირეს?! - ცალმხრივია ოჯახის წევრობა? ამიტომაც, ბევრის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება და მხარდაჭერა მიკერძოებული მგონია. ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ ძალადობისა და დაუსჯელობის წახალისება არ შეიძლება.

გეგა გეგეშიძეს ზურაბ დათუნაშვილისთვის ცემის გამო, ასევე, საზოგადოებისთვის ბოდიში რომ  მოეხადა, ვიფიქრებდი, რომ დანაშაულს მიხვდა. რადგან ასე არ მოიქცა, ნიშნავს, რომ ამ ცუდ საქციელს ვერ აცნობიერებს და მისგან უფრო უარესსაც უნდა მოველოდოთ“, - წერს სოციალურ ქსელში ცნობილი ფოტოგრაფი.

ცნობისთვის, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის დაკავების გამო,  ოზურგეთში ჩასატარებელი საქართველოს პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

შეგახსენებთ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე 11 იანვარს სპორტის სასახლეში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს მიმართ ფიზიკური ძალადობის გამო დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიებაზე გადაწყვეტილებას სასამართლო დღეს მიიღებს.

ფედერაციის პრეზიდენტის  დაკავებას მოჭიდავეთა ნაწილი აპროტესტებს და ისინი ფედერაციის პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სპორტსმენები და ფედერაციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას დღესაც გამართავენ და ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 15:00 საათიდან შეიკრიბებიან.