უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად შექმნილ სამუშაო ჯგუფში ჩავერთვები, თუ ის ღია იქნება, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად შექმნილ სამუშაო ჯგუფში ჩავერთვები, თუ ის ღია იქნება, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატთა შესარჩევად შექმნილ სამუშაო ჯგუფში ჩავერთვები, თუ ის ღია იქნება, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მხრიდან სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით, მარტივი ტაქტიკური ნაბიჯია გადადგმული, რაც არ გამოუვა.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ სამუშაო ჯგუფის ღიაობის გარეშე ამ შეხვედრას აზრი არ აქვს.

„ირაკლი კობახიძემ დაგვიბარა კაბინეტში საქმეების გასარჩევად. ასეთი პროპორციით - იურიდიული კომიტეტიდან თითქმის ყველა დაიბარა, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრია დაბარებული. მოსამართლეების მთელი ჩამონათვალია, ამას პლუს იურიდიული კომიტეტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და ა.შ. ანუ ე.წ. ახლების ჯგუფიდან არიან. როგორც ვხედავ, ძველებიდან იქ ნახსენები არავინ არის. ეს არის ძალიან გაუთვლელი და უმარტივესი ტაქტიკური ნაბიჯი მისი მხრიდან, რომელიც არ იმუშავებს. არ გამოვა თემა, რომელიც უკვე დღეს ფართო საზოგადოებას აინტერესებს, ისევ ჩააბრუნონ კაბინეტურ დისკუსიაში, სადაც მას ექნება უდიდესი რაოდენობრივი უპირატესობა. ანუ, ჯინი, რომელიც ბოთლიდან ამოვიდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობას გასცდა, უკვე ყველას აინტერესებს, რა ხდება.

ერთადერთ შემთხვევაში იქნება აზრიანი ეს შეხვედრა, თუ იქნება ის ღია. სხვა შემთხვევაში, ეს არის იმ უცხოელების მოტყუება, რომლებიც ჩასმული ჰყავს სიაში. თითქოს, ახლა რაღაც რეფორმებს აწარმოებს", - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეთა შესარჩევ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

 

1