არ მაქვს მოლოდინი, რომ რამდენიმე დეპუტატს დღეს უმრავლესობის დატოვება მოუწევს

არ მაქვს მოლოდინი, რომ რამდენიმე დეპუტატს დღეს უმრავლესობის დატოვება მოუწევს

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სიმონ ნოზაძე “ქართული ოცნების” ოფისში, უმრავლესობის შეხვედრაზე მივიდა და მედიისთვის კომენტარი გააკეთა. ნოზაძე აცხადებს, რომ არ აქვს მოლოდინი, დღეს უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ პარტიიდან დეპუტატებს გარიცხავენ.

„არ მაქვს მოლოდინი, რომ რამდენიმე დეპუტატს დღეს უმრავლესობის დატოვება მოუწევს. რადიკალური გადაწყვეტილებები არა მგონია მიღებულ იქნეს იმ თვალსაზრისით, რასაც ახლა თქვენ გულისხმობთ. მოლოდინი მაქვს, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი იქნება განხილული. ჩემს პოზიციას არ ვმალავ, ეს პოზიცია ისეთია, როგორც ჩემი ამომრჩევლის, ხაშურელი ამომრჩევლის. როდესაც საზოგადოებრივი აზრი ბევრ კითხვას ბადებს, მაშინ ყველამ საზოგადოებრივ აზრს უნდა გავუწიოთ ანგარიში. გარდა ამისა, ეს ჩემი პირველი დასწრებაა უმრავლესობის დიდ შეკრებაზე. მე სხვა შეკრებებს არ დავსწრებივარ, ამიტომ ვფიქრობ, ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იქნება, რა უნდა გაკეთდეს 2019 წელს იმისთვის, რომ პარტია გაცილებით უფრო გამართული იყოს და უმრავლესობამ ამომრჩევლის მოლოდინი გაამართლოს“, – განაცხადა ნოზაძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას მოლოდინი, რომ გუნდურობის პრინციპის დარღვევისთვის პარტიიდან გარიცხავენ ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძესა და ლევან გოგიჩაიშვილს, სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ შეცდომა შეიძლება ყველამ დაუშვას.

„ამიტომაც გააჩნია იმას, როგორი იქნება ეკა ბესელიას პოზიცია. მე არ ვარ ჩახედული ღრმად ამ საკითხში, ამიტომ მნიშვნელოვანია ეკა ბესელიას პოზიცია მოვისმინო. რამდენი აზრთა სხვადასხვაობა იქნება, ყველაფერზე გარიცხვა ვერ მოხდება. გუნდი იმიტომ არის გუნდი, რომ იქნება მსჯელობა და იქნება განსხვავებული აზრიც“, – განაცხადა ნოზაძემ.