კინორეჟისორ ქეთი დოლიძის განცხადებით 9 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეში არც მანანა ბერიკაშვილი და არც გიორგი ღვინიაშვილი არანაირ კავშირში არ არიან.
"ახლა კიდევ ერთი რამ უნდა ვთქვა, შესაძლოა ვინმესთვის ძალიან არაპოპულარული. მანანა ბერიკაშვილს, ისევე როგორც გიორგი ღვინიაშვილს, რომელიც იყო მისი ოპონენტი, არავითარი კავშირი არ აქვთ ამ ტრაგედიასთან. ეს იყო ოჯახის უბედურება და ის ოჯახი, რომელიც ამას მალავს, სწორედ ის არის ყველაზე მეტად დამნაშავე და ისიც, ვინც მათ არ აიძულებს, რომ ეს გამოაშკარავდეს. რა შუაში იყო მანანა ბერიკაშვილი? ის დამნაშავეა იმაში, რომ ხმამაღლა თქვა ის, რაც არც იცოდა და იმდენად შოკში იყო, იცით რატომ თქვა? იმიტომ, რომ მანანა პოლიტიკოსი არ არის.
ჩვენ რომ ჩავედით სოფელში, ძალიან კარგად მივხვდით, რომ არაფერ შუაში არ იყო მანანა ბერიკაშვილი. ეს იყო შიდა, ოჯახური უბედურება და ტრაგედია. იმ ოჯახს თუ ნამუსი და სინდისი აქვს, დღესაც თქვას რა დატრიალდა მათ ოჯახში, ვინ ვისთან იყო გადაკიდებული მათ და რა მოხდა.
დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ ვიცი ყურმოკვრით, თუ არ მაქვს მტკიცებულება ამას ვერ ვიტყვი, თუმცა მანანა ბერიკაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი ამ ტრაგედიასთან არაფერ შუაში არ არიან", – განაცხადა დოლიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.