დაპირისპირება გრძელდება, - მოჭიდავეთა ნაწილი გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვს

დაპირისპირება გრძელდება, - მოჭიდავეთა ნაწილი გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვს

„ეს საკითხი ფედერაციის ფარგლებში უნდა გადაწყდეს. ფედერაციის აღმასკოვი უნდა შეიკრიბოს, იმსჯელოს. შემდეგ კი, რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდნენ," - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ (გეგა) გეგეშიძის დაკავებასა და სპორტსმენების ნაწილის მიერ გამართულ მხარდასაჭერ აქციასთან დაკავშირებით „რეზონანსი" საპარალამენტო უმრავლესობის წევრს, შოთა ხაბარელს ესაუბრა.

ოთხშაბათს ჭიდაობის ფედერაციასთან მოჭიდავეთა ნაწილმა გეგეშიძის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატი, ზურაბ დათუნაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას არ სწამს ისეთი ოჯახის, რომელიც გასაჭირის დროს ერთ წევრს გარიყავს, მეორეს კი მხოლოდ იმიტომ დაუდგება გვერდით, რომ მას ძალაუფლება გააჩნია.

„მე ასეთ ოჯახში არ ვარ გაზრდილი და ეს არაა ოჯახი," - ამბობს იგი „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

დათუნაშვილის განცხადებით, მის მიზანს ფედერაციის პრეზიდენტის დაჭერა არ წარმოადგენდა, მიზანი იყო გეგეშიძეს თანამდებობა დაეტოვებინა.

„მე უბრალოდ ვიტყოდი იმას, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არ აქვს უფლება, რომ თავში ვიღაცას ჩაარტყას. ამის გამო უნდა გადამდგარიყო (გეგა გეგეშიძე) თანამდებობიდან. ჩემი მოთხოვნა ეს იყო და ეს არის დღესაც," - აღნიშნა ზურაბ დათუნაშვილმა.

ხაბარელი სპორტსმენთა ნაწილის აქციას ასე აფასებს:

„ეს ჩვეულებრივია, - მათი სურვილია, ფედერაციის პრეზიდენტი გათავისუფლდეს, მაგრამ აქ არის მეორე საკითხი, - საზოგადოება უყურებს ამას და ნახა, რაც მოხდა. ვფიქრობ, რომ ეს უნდა მოგვარდეს და მოწესრიგდეს, რომ არ დაზარალდნენ სპორტსმენები. გამოძიება დასრულდება და დაიდება შედეგი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფედერაციის პრეზდიუმის გადაწყვეტილებას," - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

სპორტსმენები აცხადებენ, რომ გეგა გეგეშიძის დაკავებით მთავრობამ „წითელი ხაზები" გადაკვეთა.

„დაკავებას არ ველოდოთ იმიტომ, რომ რაღაც ფიზიკური, თუნდაც ჩხუბი დაარქვი, პატარა აყალმაყალი, მაგის გულისთვის არცერთ სპორტში და მით უმეტეს ჭიდაობის ოჯახში, არ უნდა ხდებოდეს. ძალადობას მე არ ვეძახი ეგეთ ჩხუბს. დასაჭერი არ იყო. სასამართლოს უნდა ემსჯელა. მთავრობამ წითელ ხაზს გადააბიჯა," - განაცხადა მსოფლიო ჩემპიონმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ზურაბ იაკობიშვილმა.

საკითხი შეაფასა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძე:

„არაფერი დანაშაული არ იკვეთება, არ იყო იქ ცემა, არც ძალადობა იყო, შეხლა-შემოხლა იყო," - აღნიშნა მან.

ცნობისათვის, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, თამაზ (გეგა) გეგეშიძე 22 იანვარს საღამოს დააკავეს. გეგეშიძეს, სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში სდებენ ბრალს, - 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, გეგეშიძემ დათუნაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შეგახსენებთ, 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალისას, გეგეშიძესა და დათუნაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის ამსახველი კადრები „რუსთავი 2"-მა გაავრცელა.