ე.წ. ამბოხებული დეპუტატები ბიძინა ივანიშვილითან შეხვედრას ელოდებიან - რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ეკა ბესელიასა და მის თანაგუნდელებთან დაკავშირებით, ხუთშაბათს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე გახდება ცნობილი.
შეხვედრამდე პოლიტიკოსების და ანალიტიკოსების მხრიდან შეფასებები უკვე კეთდება. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ პარტიის სხდომა, რომელსაც ივანიშვილიც დაესწრება, საკმაოდ ხმაურიანი იქნება და არ გამორიცხავენ, რომ ზოგიერთების „თვებიც დაგორდეს“.
პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ შესაძლოა სხდომაზე არა ეკა ბესელია, არამედ მთელი ის ჯგუფი დაისაჯოს, რომელმაც ივანიშვილს მოსამართლეების 10-კაციანი სია შეაჩეჩა და დაარწმუნა, რომ მათი კანდიდატურა ყველასთვის მისაღები იყო. არც ის არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს სხდომა იყოს ის დაპირებული რადიკალური ცვლილებების დასაწყისი, რომელიც ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს საზოგადოებას ამცნო.
ანალიტიკსოები ამბობენ, რომ ბოლო დროს ივანიშვილის გადაწყვეტილებების და ქმედებების პროგნოზირება საკამოდ რთულია, რადგანაც ის არ არის პოლიტიკოსი და არ ფიქრობს, როგორც პოლიტიკური ლიდერი. ამიტომაც ელიან, რომ ხუთშაბათის პარტიის სხდომა საკმაოდ დიდი სიუპრიზებით იქნება სავსე.
დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან ეკა ბესელიას თანამოაზრეებიც, ასევე შეხვედრაზე მივა თავად ბესელია, რომელიც სტრასბურგში ვიზიტს წყვეტს. სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, ბესელიას საკითხი და სასამართლო სისტემის რეფორმირება იქნება. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ პარტიის დახურულ სხდომაზე გაზაფხულზე სავარაუდო სამთავრობო ცვლილებებზეც ისაუბრონ.
ეკა ბესელიას თანამოაზრეები კი ჟურნალისტებთან პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პროცესები რადიკალურად არ უნდა წარიმართოს.
მმართველი გუნდის წევრები არ ელოდებიან, რომ პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის ან ლევან გოგიჩაიშვილის გარიცხვაზე ისაუბრებენ.
„ვემიჯნები ასეთ ტერმინებს ახლები და ძველები, ბებრები და ახალგაზრდები, ცოლიანები და უცოლოები. ვემიჯნები, ასე ლაპარაკი არ შეიძლება. ეს დაგვყოფს და გავაფუჭებთ ყველაფერს. უგემოვნობაა ასე საუბარი, დაბალი დონე მგონია. საქმე კვალიფიკაციაშია, მსახურებაშია და კარგად ხედვაში პრობლემების,“ - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი იმედს გამოთქვა, რომ შეხვედრაზე გარიცხვაზე საუბარი არ იქნება.
„იმედი მაქვს, რომ ძირითადი დრო დაეთმობა შინაარსობრივ საუბარს და აქ გარიცხვაზე საუბარი არ იქნება. მე მიმაჩნია, რომ ეს არის უადგილო შექმნილ ვითარებაში,“ - აცხადებს ნაცვლიშვილი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ეკა ბესელია გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა. ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ შეხვედრაზე სწორედ ამ ბრალდების გამომწვევ მიზეზზე უნდა იმსჯელონ.
ე.წ. ახლების გუნდში არ ადასტურებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მთავარი საკითხი ეკა ბესელიას პროტესტი იქნება. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, სხდომაზე უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა საკითხზე უნდა იმსჯელონ. ხვალ კიდევ რა საკითხებზე იქნება საუბარი, სოფო კილაძისთვცის უცნობია.
“ჩვენ ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე. ერთ-ერთი სამომავლო გეგმაა, ბუნებრივია, იმ პროცესის ძალიან ტრანსფარენტულად და გამჭვირვალედ წარმართვა, რომელიც მოსამართლეების უვადოდ არჩევას უკავშირდება,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.
ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მოხდება თუ არა პატიის სხდომაზე ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების გარიცხვა, მეორეხარისხოვანია. მისი აზრით, ეს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი თემა არ არის და არც საზოგადოებას დიდად არ ადარდებს ბესელია პარტიაში დარჩება თუ არა, რადგანაც ქვეყანაში უფრო მძიმე პრობლემებია, რომლის გადასაწყვეტადაც ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. ხუხაშვილი აცხადებს, რომ პარტიაში ძალთა გადანაწილების საკითხი მნიშვნელოვანი არ არის.
"არ მგონია, რომ პარტიის სხდომაზე რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, საჯაროდ ისაუბრონ. ალბათ ივანიშვილს უკვე რაღაც გარკვეული შეხედულებები მოსამართლეთა თემაზე და პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე ჩამოუყალიბდა და შეეცდება, რომ სიტუაცია დაალაგოს. ხელისუფლება კულისებში შეეცდება, რომ ეს სასამართლო სისტემა მაინც შეინარჩნოს.
სასამართლო სისტემის მიმართ ვხედავთ უკვე, რომ საზოგადოების დამოკიდებულება საკმაოდ მძიმეა და ხელისუფლება რა გადაწყვეტილებას მიიღებს, შევხედავთ. სხომაზე ალბათ ამ თემის განხილვა მოხდება. „ოცნება“ შეეცდება, რომ ტაქტიკური უკან დახევის შემდეგ, კოსმეტიკური ცვლილებებით დაკმაყოფილდეს და ემოციები ჩააცხროს. საზოგადოება კი ამაზე არ უნდა დასთანხმდეს.
მსოფლიოში არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ნებყოფილობით რამეს თმობს. უბრალოდ საზოგადოების ზეწოლის შედეგად სხვაგზა აღარ აქვს. პარტიის გადაჯგუფების თვალსაზრისით თუ რამეს ივანიშვილი სხდომაზე გადაწყვეტს, ეს არ მგონია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყოს. ყველაზე მთავარი მაინც სასამართლოს თემაზე მიღებული გადაწყვეტილება იქნება“, - აცხადებს ხუხაშვილი.
იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია კი „რეზონანსთან“ არ გამორიცხავს, რომ პარტიის სხდომამ საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში ჩაიაროს. თუმცა არ ფიქრობს, რომ ბესელიას და მის თანამოაზრეებს პარტიიდან გარიცხავენ. პირიქით, არ გამორიცხავს, რომ იმ ადამიანების თავებიც კი „დაგორდეს“, რომლებმაც ივანიშვილს 10- კაციანი მოსამართლეების სია შეატყუა. იურისტი ფიქრობს, რომ დიდი გარჩევა იქნება, სადაც ივანიშვილი რადიკალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
„მე მგონია, რომ ივანიშვილს ეს 10-კაციანი სია შეატყუეს. ამიტომაც ამ სიის ჩამწყობების ათვის შესაძლოა სხდომა ძალიან მძიმედაც დასრულდეს. მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წყალობით ივანიშვილმა გაიგო, რომ სრულიად მიუღებელი იყო ეს კანდიდატები. ასევე ძალიან ბევრი შიდა თემები დაგროვდა, როგორც ჩანს, რომელიც სააშკარაოზე გამოსული არ არის და მას მოუწევს, რომ ზოგს ყური აუწიოს და ზოგიც კუთხეში დააყენოს. მგონია, რომ უახლოეს დღეებში გავიგებთ სხდომაზე ივანიშვილის რისხვის ობიექტი მხოლოდ ბესელია რომ არ იქნება. მგონია, ამ სიის შექმნის პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლებაც იყო ჩართული და ამ ხალხს ლობირებას იქაც უწევენ.
ამიტომ არც იმას გამოვრიცხავ, რომ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებების კუთხითაც გარკვეული განხილვა მოხდეს. ივანიშვილმა დაინახა, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის როგორც გუნდის, ასევე მთავრობის გადახალისება და შეცვლაა საჭირო. შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებებიც დაიგეგმოს. მგონია, რომ „სისხლი დაიღვრება“ და ზოგიერთების „თავებიც გაგორდება“, - აცახდებს მუხაშავრია „რეზონანსთან“.