არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში

არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში

არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში, – ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ვაკის ფალავანთა კლუბთან განაცხადა, სადაც ჭიდაობის ფედერაციის დაკავებული პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება.

„პირველ რიგში მე, როგორც მსოფლიო ჩემპიონი, გეუბნებით, რომ ეს არის არასასიამოვნო სიტუაცია სპორტსმენებისთვის, რომლებმაც სამშობლოსთვის უნდა იბრძოლონ. მოჭიდავეები დავსხდებით და ვისაუბრებთ. წელს ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება, მომავალ წელს ოლიმპიადაა და გვინდა, რომ ეს მალე დასრულდეს. როდესაც დამთავრდება პროცედურები, გეგაც და ყველანი ერთად მივიღებთ ღირსეულ გადაწყვეტილებას. დათუნაშვილმაც დააფიქსირა, რომ არავის დასჯა არ სურს, უბრალოდ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ. მე არავის არ მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში”, – განაცხადა კურტანიძემ.

ვაკის ფალავანთა კლუბთან, მოჭიდავეები, ნაკრების წევრები და მწვრთნელები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად აქციას მართავენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე აცხადებს, რომ სპორტსმენების თხოვნაა, ფაქტი დროულად იქნას შესწავლილი და ფედერაციის ხელმძღვანელობა დაუბრუნდეს თავის სამუშაო ადგილს.

„ჩვენი თხოვნაა, რომ ფედერაცია რა წარმატებულ გზაზეც დგას, გააგრძელოს იმავე გზაზე სვლა. გვინდა არ გვინდა, ვარჯიშში ხელი გვეშლება. ჩვენ გვსურს, რომ ვარჯიში გავაგრძელოთ. თხოვნა გაქვს, რომ ეს ფაქტი დროულად იქნას შესწავლილი და ფედერაციის ხელმძღვანელობა დაუბრუნდეს თავის სამუშაო ადგილს. ძნელია, როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ, ახსენებენ შენს მშობლებს, ასეთ დროს თავის შეკავება ძნელია, ქართველი კაცის ბუნებაში ეს არ ჯდება. შეიკრიბება პრეზიდიუმი, რომელზეც განიხილავენ ყველა დეტალს და იქ გაარკვევენ ვინ არის დამნაშავე”, – განაცხადა გიორგი იანტბელიძემ.