“აგური რომ დაგვეცეს?.. მიშა რომ ჩამოვიდეს?..- რას მამკითხავებთ?!

“აგური რომ დაგვეცეს?.. მიშა რომ ჩამოვიდეს?..- რას მამკითხავებთ?!

„შეიძლება იმპროვიზირებული იყოს თემები, რომელზეც ხვალ გვექნება საუბარი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა ხვალინდელი დღისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მმართველი გუნდის ხვალინდელ ყრილობაზე ირაკლი კობახიძის მიმართ გამოხატავს თუ არა კონკრეტულ პოზიციას და პრეტენზიებს, ზაზა პაპუაშვილი პასუხობს:

„მე რა პრეტენზიებიც მქონია არასდროს არ ჩამიმარხავს გულში და რაღაცნაირად ორმაგი სტანდარტებით არ მიცხოვრია…

მე ყოველთვის მომხრე ვარ და ვიქნები იმ ცვლილებების, რომელი ცვლილებაც ქვეყანას სიკეთეს მოუტანს. და რა ცვლილებებზე იქნება ლაპარაკი და როგორ იქნება ხომ უნდა გავიგოთ ჯერ..?!”, – აღნიშნა ზაზა პაპუაშვილმა.

„რუსთავის“ -ის ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის ან ლევან გოგიჩაიშვილის შესაძლო გარიცხვის საკითხს ეხებოდა, დეპუტატმა ასე უპასუხა:

„ახლა რომ მიიღოს? აგური რომ დაგვეცეს? – რას მამკითხავებთ?! მიშა რომ ჩამოვიდეს?!

ვემიჯნები ასეთ ტერმინებს ახლები და ძველები, ბებრები და ახალგაზრდები, ცოლიანები და უცოლოები. ვემიჯნები, ასე ლაპარაკი არ შეიძლება. ეს დაგვყოფს და გავაფუჭებთ ყველაფერს. უგემოვნობაა ასე საუბარი, დაბალი დონე მგონია. საქმე კვალიფიკაციაშია, მსახურებაშია და კარგად ხედვაში პრობლემების“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

24 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. სხდომა 11:00 საათზე, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში ჩატარდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ სტრასბურგიდან მივლინების დასრულებამდე ჩამოვა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაესწრება.