"სირცხვილია ამდენი სპეკულაცია. ამდენი ტყუილი , ნახევრად ტყუილი და ინსინუაციები"

ზვიად კვაჭანტირაძე "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიასთან დაკავშირებით სერგი კაპანაძის განცხადებას ეხმაურება.

სირცხვილია, რასაც ამბობს კაპანაძე. "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიას არათუ მზარი დავუჭირე- მე ვიყავი ამ საკითხის ერთერთი თანაინიციატორი და წარმდგენი, ისევე როგორც დ. ცქიტიშვილი უმრავლესობიდან და დ.ბაქრაძე და გ. კანდელაკი უმცირესობიდან. ვინაიდან გ. კანდელაკს ძალიან სურდა ამ თემაზე სიტყვით გამოსვლა მან, როგორც ასამბლეის სათადარიგო წევრმა მომმართა თხოვნით მე, როგორც ასამბლეის მუდმივ წევრს სესიის სხდომის მეორე ნახევარში მისთვის დამეთმო ჩემი ადგილი, რომ მას გამოსვლის საშუალება მისცემოდა. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ასამბლეაში და ეს ხდება ასამბლეის სამდივნოს წინასწარი გაფრთხილებით. შეიძლება დელეგაციის სათადარიგო წევრს დაუთმო ადგილი მუდმივმა წევრმა დღის პირველ ან მეორე ნახევარში, მაგრამ იმ დღეს უკან ვეღარაფერს შეცვლი. მე მას დავუთმე ჩემი ადგილი და მივეცი გამოსვლის საშუალება და შესაბამისად კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება ჩემს ნაცვლად. მე ხმას ფიზიკურად ვეღარ მივცემდი, რადგანაც კანდელაკს დავუთმე ადგილი.

კაპანაძემ ეს არ იცის?

კომუნიკაცია მოშლილი გაქვთ?

კარგით რა, სირცხვილია ამდენი სპეკულაცია. ამდენი ტყუილი , ნახევრად ტყუილი და ინსინუაციები. გასაფებია, რომ ეს გათვლილია ადგილობრივი მოხმარებისთვის. ვიღაცამ მოისმინა ეს ტყუილი, დაიჯერა და შესაძლებელია პასუხს ვერც ან არც მოუსმინოთ. აი, ასეთ მანიპულაციებზე და ბლეკმეილინგზე ხარჯავენ დროს და ენერგიას, თუმცა მაინც - ტყუილს მოკლე ფეხები აქვს ყოველთვის.