„ფეისბუქზე ღლიცინს, ურჩევნიათ ერთხელ მაინც გაბედონ და პირისპირ დამიჯდნენ დებატში"- ასე ეხმიანება მოსამართლე ლევან მურუსიძე „არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელის ეკა გიგაურის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გამოხმაურებას ტელეკომპანია იმედის თოქშოუში „პირისპირ" გამართულ დებატთან დაკავშირებით .
მურუსიძე აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, გადაცემაში გიორგი მშვენიერაძის გარდა სხვა ოპონენტებიც ჰყოლოდა, თუმცა, მიუხედავად შეთავაზებისა, მათ ეს არ ისურვეს.
„კარგი იქნებოდა, გუშინდელ დებატში უფრო მეტი ოპონენტი მყოლოდა, თუმცა, მიუხედავად შეთავაზებისა, მიწვეულმა არასამთავრობოებმა ვერ გაბედეს პირისპირ დებატი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მოსამართლეების მიმართ აგორებული შავი პიარ-კამპანია პოლიტიკური პარტიებისაგან მართული პროცესია, რომლის მიზანი საზოგადოებაში მოსამართლეების იმიჯის შელახვაა. ისინი არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ უკან პოლიტიკური პარტიები დგანან" - აცხადებს ლევან მურუსიძე და მისი კრიტიკით დაკავებულ მესამე სექტორის წარმომადგენლებს საკამათოდ ნებისმიერ სატელევიზიო სივრცეში იწვევს.