მივლინებას ვწყვეტ და ვბრუნდები საქართველოში - ეკა ბესელია უმრავლესობის სხდომაზე დაიბარეს

მივლინებას ვწყვეტ და ვბრუნდები საქართველოში - ეკა ბესელია უმრავლესობის სხდომაზე დაიბარეს

სტრასბურგში, ოფიციალურ მივლინებაში მყოფი ეკა ბესელია, მივლინებას წყვეტს და საქართველოში ბრუნდება. იურიდიულ საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე უმრავლესობის სხდომაზე დაიბარეს.

“სწორედ იმიტომ, რომ უმრავლესობის სხდომა დაინიშნა და მეც მთხოვეს დასწრება ამ სხდომაზე, მე ვიქნები აუცილებლად. ჩამოვდივარ ამისთვის და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვიმსჯელოთ სასამართლო რეფორმის და სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ჩემი მოლოდინი არის, რომ ეს სამუშაო შეხვედრა იყოს, რაც შეიძლება, საქმიანი და მოხდეს არგუმენტების და ჩვენი მოსაზრებების გაზიარება იმიტომ, რომ ჩვენ ამ თემაზე არ გვქონია მსჯელობა დეკემბრის მოვლენების ბოლო კვირის შემდეგ,“ - განაცხადა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება, ხუთშაბათისთვისაა დაგეგმილი. ეს იქნება პირველი შეკრება საპრეზიდენტო არჩევნების და მმართველ გუნდში არსებული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ და ივანიშვილი ე.წ. ურჩი დეპუტატების საკითხსაც განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაანონსებული 24 იანვრის ნაცვლად, მიმდინარე თვის ბოლოსთვის გადაიდოს.

ამის შესახებ "2020NEWS”-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, 2018 წლის მიწურულს ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.  მისი წასვლის მიზეზი იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი  მოსამართლეების სია  გახდა.