გია აბაშიძე: უვიზო მიმოსვლის შეჩერება დღის წესრიგში არ დგას, თუმცა სიფრთხილე აუცილებელია ახლაც და ყოველთვის

გია აბაშიძე: უვიზო მიმოსვლის შეჩერება დღის წესრიგში არ დგას, თუმცა სიფრთხილე აუცილებელია ახლაც და ყოველთვის

გია აბაშიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

ზოგიერთ მედია-საშუალებაში მორიგი გაბუქებული ნეგატივი დატრიალდა - არიქა, ვემშვიდობებით უვიზო მიმოსვლას ევროპასთან! ეს არ გახლავთ „სპუტნიკიდან" ანდა Russia Today-დან წამოსული, აქაურია.

ჩავიკითხე, მუვუსმინე საქართველოში საფრანგეთის ელჩს პასკალ მენიეს, ეს გზავნილები ასე გავიგე და გიზიარებთ:

ახლახანს, საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის გახსნას შესაძლებლობა, რომ გარკვეული კატეგორიისა და პროფესიების მქონე ადამიანები საფრანგეთში დასაქმდნენ. [გარკვეული პერიოდის წინ გერმანიამაც მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება]. ძირითადად, ეს ეხებათ სტუდენტებს, რომლებიც საფრანგეთში სწავლობენ და სურთ, რომ მიიღონ პროფესიული გამოცდილება. ეს იქნება ერთწლიანი პერიოდით. შეთანხმება ასევე ეხება გარკვეული პროფესიებისა და კატეგორიების მქონე ადამიანებს, რომელთათვისაც საფრანგეთი შეძლებას სამუშაო ვიზების გაცემას. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმ მიმართულებით, რომ საფრანგეთს სურს, საქართველოსთან ჰქონდეს ორმხრივი გაცვლა ადამიანურ და სხვადასხვა დონეზე. და ოფიციალური პარიზის მიზანია,რომ საქართველოსთან გაღრმავდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა.

უვიზო მიმოსვლის შეჩერება დღის წესრიგში არ დგას. თუმცა, სიფრთხილე აუცილებელია ახლაც და ყოველთვის. საფრანგეთში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე თეორიულად ყოველთვის არსებობს, თუ მოიმატებს ჩვენ თანამოქალაქეთა მიერ ჩადენილი დანაშაული, გაიზრდება დაუსაბუთებელად თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ანდა საზღვრიდან გამობრუნებულთა [მოუწესრიგებელი დოკუმენტაციის გამო] მაჩვენებელი. ეს ისედაც ვიცოდით და კიდევ უფრო მეტად უნდა ავუხსნათ ჩვენ თანამოქალაქეებს. თუ ეს მაჩვენებლები საგრძნობლად გაიზარდა, შენგენის წევრ ერთ სახელმწიფოსაც კი აქვს უფლება აამუშაოს შეჩერების მექანიზმი.

თუმცა, როგორც ელჩი მენიე ამბობს, პოლიტიკურად ამის გაკეთება არ სურთ, რადგან არ უნდათ ცუდად „მოქცეულთა ხარჯზე დაისაჯონ ისინი, ვინც კარგად იქცევიან".

საფრანგეთის მიერ საქართველო უსაფრთხო ქვეყნადაა აღიარებული. თავშესაფრის მომართვიანობის ზრდის მიზეზი არ არსებობს. ფაქტია, რომ საქართველოდან ჩასულები თავშესაფარს არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური მიზეზებით ითხოვენ, რაც არალეგალურია. შედეგად, უარის მიმღებნი თვითმფრინავით უკან ბრუნდებიან.

მთავარი პრობლემაა ევროპაში ჩასული საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის კრიმინალურ დაჯგუფებებში მოხვედრა. შესაძლოა, რომ რაიმე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი არსებობდეს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები მოტყუებით მიჰყავს საზღვარგარეთ, რასაც კრიმინალურ საქმიანობაში ჩაბმა მოჰყვება.

ელჩმა გვითხრა: ნუ უსმენთ მათ, ნუ დაუჯერებთ, როცა გეუბნებიან, რომ ჩახვალთ საფრანგეთში ანდა ევროპის სხვა რომელიმე ქვეყანაში და პოლიტიკურ თავშესაფარს იოლად მიიღებთ. ამას ვერ მიიღებთ. ამის სანაცვლოდ კი არსებობს რისკი, რომ ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფების ნაწილი გახდით და პრობლემები შეგექმნათ.

ევროკავშირის ელჩები აპირებენ შეხვდნენ შს მინისტრს გახარიას და იმსჯელონ კიდევ რა უნდა გაკეთდეს ევროპაში საქართველოს მოქალაქეთა მიერ დანაშაულის ზრდის შემცირებისა და მომავალ დანაშაულებათა პრევენციისათვის.

ვფიქრობ, რომ ფრანგ დიპლომატსა და მის ევროპელ კოლეგებს მიაჩნიათ, რომ ის წარმატებული კამპანია, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, სამეცნიერო და სამოქალაქო საზოგადოების [მათ შორის თქვენმა მონა მორჩილმაც მიიღო მოკრძალებული მონაწილეობა] წარმომადგენლებმა ჩაატარეს, კიდევ უფრო უნდა ინტენსიური გახდეს ქვეყნის მასშტაბით.

მიუხედავად მოსალოდნელი გამოწვევებისა, რომლებსაც მოგვარება ესაჭიროება და მოგვარდება, უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდება; ევროპაში ლეგალურად დასაქმების მეტ კვოტებსაც მივიღებთ; კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და კრემლის გზავნილების მსგავსი შიდა ნეგატიური მედია-კამპანიაც ვერ მიაყენებს ამას ზიანს!