"მოწუწუნე ერად ვიქეცით, ამ ყოფით ქვეყანას ვერასდროს ავაშენებთ"

"ვირჩევთ ხელისუფალთ და მივიჩნევთ, რომ ჩვენი გასაკეთებელი საქმე მან უნდა გააკეთოს", - ამის შესახებ განცხადებას პოეტი ტარიელ ხარხელაური აკეთებს.

"მოწუწუნე ერად ვიქეცით. ვირჩევთ ხელისუფალთ და მივიჩნევთ, რომ ჩვენი გასაკეთებელი საქმე მან უნდა გააკეთოს - დამიბაროს, მომითიბოს, სახლში მომიტანოს და მე მხოლოდ ვჭამო. ჩვენ არ ვიცით ის, რომ ჩვენ უფლებებზე მეტი მოვალეობა გვაქვს ქვეყნის წინაშე. ამ ყოფით კი ქვეყანას ვერასდროს ავაშენებთ.

ჩვენშია პრობლემა, ჩემშია პრობლემა, ილია გვეუბნება ჩვენი უბედურების მიზეზს მუდამ სხვაში ვეძებთო, განა მართალი არ არის?! მიზეზი დღევანდელი ჩვენი მდგომარეობისა ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ. მუდამ სხვაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ საკუთარ თავზე არასოდეს ვიტყვით აუგს. არ ვფიქრობთ სამშობლოზე, არ ვამბობთ, დღეს ვერაფერი გავუკეთე ჩემს სამშობლოს, ჩემს ხალხს და იქნებ ხვალ ვცადოო", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" პოეტი.