"ჩემში გახარია სიმპატიას იწვევს, ბახტაძეს აჯობებს"

„სამთავრობო ცვლილებებში პირადად ჩემთვის საინტერესო იქნება - ის, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმება, როგორ დალაგდება მთავრობა და რა ხალხი მოვა, თუ კიდევ „კინდერ სიპურიზები“ გვექნება“, - ასე ეხმაიანება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას.

„აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილი იწყებს ცვლილებებს. მან არჩევნების წინ ერთწლიანი ვადა ითხოვა სიტუაციის დასალაგებლად. მერე იყო (საპრეზიდენტო არჩევნების) მეორე ტური, ინაუგურაცია, ახალი წელი. ამან ყველაფერმა ჩაიარა და პირველი ნაბიჯები ცვლილებებისკენ უნდა გამოჩნდეს. ორი წელი ძალიან ცოტა დროა და აქედანვე უნდა დაიწყოს ცვლილებები.

„სამთავრობო ცვლილებები ალბათ საჭიროა, რადგან, როგორც ჩანს, არ გაამართლა უსახო და უბიოგრაფიო ახალგაზრდების მოყვანამ მთავრობაში. პირადად მე მათ მიმართ პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ლოგიკა ვერ გავიგე, როგორ ხვდება ეს ხალხი მთავრობაში, რომელი საიდუმლო ლიფტით ადიან მთავრობის სასახლეში.

„საინტერესო ამ ცვლილებებში პირადად ჩემთვის არის ის, თუ რა ნაბიჯები გადაიდგმება, როგორ დალაგდება მთავრობა, რა ხალხი მოვა, რომ კიდევ „კინდერ სიურპრიზები“ არ გვქონდეს.

„რაც შეეხება ხმებს იმის თაობაზე, რომ ბახტაძე შეიძლება შს მინისტრმა გახარიამ შეცვალოს, მარჩიელობის თემაა. ისე დღევანდელ საქართველოში შს მინისტრი და მნიშვნელოვანი ფიგურაა და შეიძლება თავად გახარიას არც ჰქონდეს იმის სურვილი, რომ პროჟექტორების ქვეშ მოხვდეს, რადგან პრემიერის რანგში ბევრი გამოწვევების წინაშე დადგება.

„ისე, გიორგი გახარია ვიცით ვინ არის, საიდან მოვიდა, როგორ ნელ-ნელა მიდის წინ. ყველგან, სადაც დაინიშნა, თავი წარმატებით გაართავა. პირადად ჩემში გახარია სიმპატიას იწვევს, ბახტაძეს აჯობებს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.