ქანთარია მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებს ადასტურებს

ქანთარია მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებს ადასტურებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" საუბარში ადასტურებს, რომ ახლო მომავალში მთავრობასა და პარლამენტში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. ჩაანაცვლებს თუ არა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ქანთარია ამ კითხვაზე პასუხობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა კონკრეტულ გვარებზე გუნდში საუბარი არ ყოფილა.

„ჯერ-ჯერობით ამაზე არ ყოფილა საუბარი. ყველაფერი შესაძლებელია დღეს, რა თქმა უნდა. ამას უახლოესი ისტორიაც აჩვენებს, მაგრამ რამე კონკრეტულზე საუბარი ჯერ-ჯერობით არ ყოფილა, მე არ გამიგია.

„საერთოდ ვამობ, რომ ჩანაცვლება და ცვლილებები საჭიროა. რა და როგორი სახით განხორციელდება - ეს სამსჯელოა და ცვლილებებს საზოგადოება ელოდება.

„კონკრეტულ გვარებს, რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით, მაგრამ, საერთოდ, ცვლილებების მოლოდინი არსებობს როგორც პარლამენტში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „რეზონანსთან" საუბრისას.

კითხვაზე, თუ როდის უნდა ველოდოთ მთავრობასა და პარლამენტში საკადრო ცვლილებებს ქანთარია პასუხობს: „ასე ზუსტად... მე, რა თქმა უნდა, არ მიჭირავს კალენდარი, რომ ზუსტად მიგითითოთ დღე, თვე, რიცხვი და საათი".

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში ერთი წელი ითხოვა, რათა ქვეყანაში და თავის გუნდში სიტუაციის დალაგება მოახერხოს. თავის ამ ცნობილ განცხადებაში მან მთავრობაში საკადრო ცვლილებებსა და გადაადგილებებზეც გააკეთა მინიშნება.