ჯონ ჰოუელი - საქართველოში მნიშვნელოვანი არჩევნები გაიმართა და ვხედავთ ამ ქვეყნის დემოკრატიის განვითარებას
ქალთა პოტენციალის თვალსაზრისით, საქართველოში ქალი პრეზიდენტის არჩევა შესანიშნავ გავლენას იქონიებს, – ამის შესახებ ბრიტანელმა პოლიტიკოსმა ჯონ ჰოუელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პოლიტიკოსმა საქართველოში დემოკრატიულ განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ორ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში – საქართველოსა და სომხეთში მნიშვნლოვანი არჩევნები გაიმართა და ვხედავთ ამ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებას. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ჩვენს სადამკვირვებლო მისიასა და იმ დამკვირვებლების მოსაზრებებს შორის, რომელსაც ეყრდნობა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში. ყურადღება მივაქციე ჩვენი დამკვირვებლების კომენტარებს იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი ჰქონდა ცალკეულ ძალადობრივ ფაქტებს. თუმცა, ანალოგიური შთაბეჭდილება არ შემქმნია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან. გაიმარჯვა ქალმა კანდიდატმა, რომელსაც მხარს უჭერდა მმართველი პარტია. ვინაიდან საქართველო გამოწვევების წინაშე დგას ქალთა პოტენციალის თვალსაზრისით, ეს ფაქტი – ქალი პრეზიდენტის არჩევა შესანიშნავ გავლენას იქონიებს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფში შესანიშნავი წარმომადგენელი გვყავს საქართველოდან, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჯგუფის მუშაობაში“, – განაცხადა ჯონ ჰოუელმა.