შესაძლოა ეს იყოს ახალი გარიგების ნაწილი „კლანსა" და ხელისუფლებას შორის, რომლის მიხედვითაც ჩვენს წინაშე წარდგებიან არა კომპრომეტირებული ადამიანები, არამედ „კლანი" წარადგენს საზოგადოებისთვის შედარებით ნაკლებად ცნობილ პირებს, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მიმართვას, რომლის თანახმად, პარლამენტმა მათი კანდიდატურები აღარ უნდა განიხილოს.
„მივესალმები, რომ ამ მოსამართლეებმა თვითონ ხმა ამოიღეს. ბევრად ადრე უნდა გაეკეთებინათ, ეს ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ კარგია, რომ დღეს დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ გაიაზრეს ის, რომ ძალიან ძვირი დაჯდა ის ფორმა, რა ფორმითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს სია წარადგინა. გაიაზრეს, რომ ამ გზით კარიერული პერსპექტივა მათ მიღწეული არ ექნებათ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ეს შესაძლოა იყოს ახალი გარიგების ნაწილი „კლანსა" და ხელისუფლებას შორის, რომლის მიხედვითაც ჩვენს წინაშე წარდგებიან არა კომპრომეტირებული ადამიანები, არამედ „კლანი" წარადგენს საზოგადოებისთვის შედარებით ნაკლებად ცნობილ პირებს. ანუ შიგნით მიხეილ ჩინჩალაძე არ იქნება. ეს გარიგება არის, თუ არა, რა თქმა უნდა, ამას დღეს ვერ ვიტყვთ, ამას ვნახავთ მომავალში. მთავარია ეს განცხადება არ იყოს ახლახან მიღწეული ახალი გარიგების ნაწილი იმ მარცხის შედეგად, რომელიც „კლანმა" იწვნია", - განაცხადა ანა დოლიძემ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას.