ქართველი მეზღვაური, 22 წლის დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა. იგი ორი კვირაა გაუჩინარებულია და ოჯახთან კომუნიკაცია არ აქვს. დავით რაზმაძე ზაზა რაზმაძის შვილია, რომლის აგვისტოს ომის დროს გადაღებულმა ფოტომ მსოფლიო მოიარა.
თავად ზაზა რაზმაძე, რომელიც ფოტოზე გარდაცვლილ ძმას გლოვობს, 2014 წელს უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ის კარალეთის დევნილთა დასახლებაში კოტეჯის წინ ჯიხურის დადგმისას რკინის კონსტრუქცია სადენებს შეეხო და გარდაიცვალა.
ოჯახის წევრები გორის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები 22 წლის დავით რაზმაძის ადგილსამყოფელის დადგენას უშედეგოდ ცდილობენ. ნათესავების განცხადებით, რაზმაძე ბათუმის საზღვაო აკადემიაში სწავლობს. იგი მეზღვაურია და გემზე ყოფნისას გაუჩინარდა. ბებიის, მედეა ცეცხლაძის განცხადებით, შვილიშვილი 7 იანვრის შემდეგ ოჯახს აღარ დაკავშირებია.
"ზღვაში იყო გასული, მანამდეც იმყოფებოდა ორჯერ, 14 იანვარს დაგვიკავშირდნენ კომპანიის წარმომადგენლები და გვითხრეს, რომ დათოს ვეღარ პოულობდნენ, მისი ადგილსამყოფელის დადგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. კონკრეტულად რომელ ქვეყანაში იმყოფებოდა გემი დათოს დაკარგვის დროს, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, საშინელ დღეში ვართ", – განუცხადა "ამბებს" გაუჩინარებული დავით რაზმაძის ბებიამ მედეა ცეცხლაძემ.