მსახიობი გივი სიხარულიძე აცხადებს, რომ იგი მხარს უჭერს თბილისის მერ კახა კალაძეს და სჯერა მისი პატიოსნების. მისი აზრით, ხალხი კალაძის ერთ არაეთიკურ განცხადებას „არ უნდა გამოეკიდოს“.
„ხაბეიშვილს, მიშას, შალიკოს, შეუძლიათ მთაწმინდაზე აბრძანდნენ და იქიდან გამოექანონ“, - კალაძის ამ განცხადებას პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რასაც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის „ფეისბუქ“ გვერდზე უპასუხა: „ოეეე, კალა, თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა და არა გარედან“.
„რა თქმა უნდა, არ მომეწონა ეს გამონათქვამი, მაგრამ არ უნდა გამოეკიდოს ხალხი ყველაფერზე. ასეთი რამ ერთხელ თქვა და ვაპატიოთ, არაუშავს“, - ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას სიხარულიძე.
მისივე თქმით, არჩევნებზე იგი კალაძეს ყველანაირად მხარს უჭერდა - როგორც ფეხბურთელს, როგორც ჭკვიან კაცსა და კარგ ადამიანს, რადგან მოქმედი მერი წარმატებული ფეხბურთელი იყო, მსოფლიოში გვასახელა და თითოეულ სიტყვაზე დავა ნამდვილად ცუდი იქნება.
„შეიძლება არასწორი გამონათქვამი იყო, მაგრამ ქალაქზე გული შესტკივა, მე ეგრე მჯერა და შეიძლება ვცდები კიდეც“, - ამბობს სიხარულიძე.