"პოლიტიკოსები ორცხობილასავით გამომხმარი ხალხია"

"როდესაც მხოლოდ ძალაუფლებას ემსახურები და არა იდეალებს, არაფერი ხარ", - ამის შესახებ განცხადებას პოეტი რატი ამაღლობელი აკეთებს.

მისი თქმით, პოლიტიკოსები "ორცხობილასავით გამომხმარი ხალხია".

"ვფიქრობ, საქმე გვაქვს სრულ უღირებულებობებსა და მიტოვებულ იდეალებთან. შევხედოთ, აბა, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, თუნდაც უმრავლესობას. რა იდეალები მუშაობს აქ, რა ღირებულებებთან გვაქვს საქმე? როდესაც ადამიანი მიატოვებს ღირებულებებსა და იდეალებს, ისინიც მიატოვებენ მას. ეს ადამიანები ორცხობილასავით გამომხმარი ხალხია. მე მათ ინდივიდუალურად არ ვეხები. როდესაც მხოლოდ ძალაუფლებას ემსახურები და არა იდეალებს, არაფერი ხარ.

მთავარია სამართლიანობის, თავისუფლებისა და განვითარების პრინციპი. როცა ხელისუფლებაში მსგავსი არაფერი ხდება, ყველაფერი ჭაობდება. სამწუხაროდ, ამ ზღვართან მივდივართ, მაგრამ მაინც ოპტიმისტი ვარ და მგონია, რომ ნებისმიერ უძრაობას მოჰყვება მოძრაობა და აუცილებლად მივალთ განვითარებისა და პროგრესისკენ მიმავალ მოძრაობაში. თუმცა ეს მალე არ მოხდება", - ამბობს პოეტი "კვირის პალიტრასთან".