მეუფე გრიგოლი:

მეუფე გრიგოლი: "ადგილი აქვს დაბალი იერარქიის სასულიერო პირთაგან მაღალი სასულიერო პირების პირდაპირ შეურაცხყოფას და ლანძღვას"

მეუფე სპირიდონსა და მეუფე პეტრეს შორის დაწყებულ დაპირისპირებას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, ეხმაურება. მეუფე გრიგოლისთვის მეუფე სპირიდონის მიერ ქადაგების დროს გამოთქმული ბრალდებები მიუღებელია.

მღვდელმთავარი ამბობს, რომ მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადებები მრევლში უნდობლობას იწვევს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებზე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიდეთ პერსონებზე, პიროვნებებზე. ჩვენ ზოგადად პრობლემაზე უნდა ვისაუბროთ, იმ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს სულიერ ცხოვრებას გააჯანსაღებს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავპატარავდეთ ისე, რომ ადამიანებმა ერთმანეთის შეურაცხყოფა დავიწყოთ. ძალიან ხშირად შეინიშნება უკიდურესად შეურაცხმყოფელი გამოსვლები და კიდევ ერთ რამეს გავუსვამ ხაზს, რაც განსაკუთრებით საწყენია და სამწუხარო ფაქტია, რომ ადგილი აქვს დაბალი იერარქიის სასულიერო პირთაგან მაღალი სასულიერო პირების პირდაპირ შეურაცხყოფას და ლანძღვას და ამან, თითქოს, ერთგვარი შეუქცევადი ტენდენციის სახე მიიღო. ცალსახად და გადაჭრით უნდა ითქვას, რომ ამგვარი ქმედება და ამგვარი ცნობიერება ანგრევს მართლმადიდებელი ეკლესიის ღერძს, რომელიც მას ამაგრებს და ამტკიცებს, აუკუღმართებს მის ჭეშმარიტ არსს,“ - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.