ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, „ყაზტრანსგაზი“ ამჟამად სწორი მენეჯმენტის ხელშია და აქამდე, ის გაურკვეველ რეჟიმში ფუნქციონირებდა. მისივე განმარტებით, მენეჯმენტის ცვლილება ადრე რომ მომხდარიყო, შესაძლებელია, მსგავსი ტრაგედია აგვერიდებინა თავიდან.
„ყაზტრანსგაზში 2009 წლიდან არის დროებითი მმართველი შესული. კომპანია გაურკვეველ რეჟიმში იმართებოდა 10 წლის განმავლობაში. ის არის სისტემური კომპანია. ტრაგედიით დადასტურდა, რამდენად მნიშნველოვანია სწორი მენეჯმენტი.
გამოძიება დაადგენს მიზეზს, მაგრამ თუ იმას ვივარაუდებთ, რომ არის დაუდევრობა ან კომპანიის მიერ არის შეცდომა დაშვებული, ზუსტად იმის გამოა, რომ დროულად არ მოხდა მისი მოდერნიზაცია და კომპანია არ მოხვდა სწორი მენეჯმენტის ხელში. ეს ნიშნავს, რომ დავა, რომელიც ამდენი წელი გრძელდება, უნდა შეწყვეტილიყო და შეწყდა კიდეც. იცით, რომ დაახლოებით, 500 მილიონ ლარზე მეტს ედავებოდა ყაზახური მხარე ქართულ მხარეს.
ასევე, მთავრობამ უნდა ჩამოაწეროს მას 96 მილიონი ლარის საბიუჯეტო ვალდებულება. ამასთან ერთად, დედა კომპანიამ ჩამოაწერა 133 მილიონ დოლარზე მეტი. კომპანია უნდა გათავისუფლებულიყო დროულად ამ ვალდებულებებისგან და მოხვედრილიყო სწორი და თანამედროვე მენეჯმენტის ხელში. ეს მოხდა დაგვიანებით და კიდევ კარგი, რომ ეს მოხდა.
კომპანია სწორ გზაზე დადგა, დარწმუნებული ვარ მენეჯმენტის ცვლილება ადრე რომ მომხდარიყო, შეიძლება ასეთი ტიპის ტრაგედია აგვერიდებინა თავიდან. გარანტია არაა, რომ ავირიდებდით, გასარკვევია ჯერ კიდევ, რა მოხდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ასეთი მნიშვნელობის კომპანიები, რაც შეიძლება მალე უნდა მოექცნენ სწორი მენეჯმენტის ხელში. კომპანია, რომელიც ასე მოიქცა, იყო “თელასი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.