იმედი მქონდა, რომ ამ 7 წლის განმავლობაში გიგა ბოკერიამ რაიმე ისწავლა, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა

იმედი მქონდა, რომ ამ 7 წლის განმავლობაში გიგა ბოკერიამ რაიმე ისწავლა, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა

იმედი მქონდა, რომ ამ 7 წლის განმავლობაში გიგა ბოკერიამ ან რაიმე ისწავლა, ან რაიმე წაიკითხა, ან დასკვნები გამოიტანა ან რაღაცნაირად გაიზარდა, თუმცა როგორც ჩანს, მსგავსი არაფერი მომხდარა, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას გუშინდელ განცხადებას „ნულოვან ტოლერანტობასთან“ დაკავშირებით.

„ნულოვანი ტოლერანტობა“ არ მუშაობს არც თეორიაში და არც პრაქტიკაში. ის, რომ „ქართული ოცნება“ უნიათოა, არ ნიშნავს, რომ უნდა დავუბრუნდეთ იმ რეჟიმს, რომელმაც ათასობით ადამიანი დააზარალა. ჩვენი ვიცით ნულოვანმა ტოლერანტობამ რა ფსიქოლოგიური ტრავმები და დაავადებები მოუტანა ადამიანებს და რამდენი ოჯახის ცხოვრება დაანგრია. მე მეგონა, რომ გიგა ბოკერიამ ამ ყველაფრიდან გამოიტანა რაიმე დასკვნა, ან რამეს გაეცნო, ან პრაქტიკაში დაინახა რა შედეგებსაც დღეს ვიმკით. „ქართული ოცნების“ უნიათობა არ ნიშნავს, რომ მტვერდადებული და წარუმატებელი იდეები უნდა გავაცოცხლოთ წარსულიდან“, – განაცხადა დოლიძემ.

„ნულოვანი ტოლერანტობა“ დანაშაულის მიმართ არის სწორი პოლიტიკა და ამან გამოიყვანა ქვეყანა იმ ჭაობიდან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„იმის განსასაზღვრად, ვინ არის კრიმინალი და ვინ არა, საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო. პროკურატურას ყველა ქვეყანაში აქვს ამოცანა, თუ ის სწორად მუშაობს, სადაც ეჭვი აქვს დასაჯოს. „ნულოვანი ტოლერანტობა“ დანაშაულის მიმართ არის სწორი პოლიტიკა და ამან გამოიყვანა ქვეყანა იმ ჭაობიდან“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.