გოგა ხაინდრავას აზრით, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები არიან პოლიტიკური მხარე და პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან

გოგა ხაინდრავას აზრით, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები არიან პოლიტიკური მხარე და პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან

„სამწუხაროა, რომ ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი ნაწილი აღმოჩნდა მხარე. მე ვფიქრობ, ქართველმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს არის პოლიტიკური მხარე, არანაირი არასამთავრობო და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლები ეს ორგანიზაციები არ არიან, ისინი პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან.

ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ მშვენიერაძე, გიგაური, საია არიან პოლიტიკური ორგანიზაციები. ვის გვერდზე იდგნენ, ყველამ ნახა, ვის იცავდნენ, ყველამ ნახა. ამ მიმდინარეობის სრული კრახი ხდება მსოფლიოში. არასამთავრობოების არსი მთლიანად დამახინჯდა. მე ვფიქრობ, მარტო ჩვენნაირ ქვეყნებშია გავლენა მათი მხრიდან. არა მარტო ამ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, არამედ „ფრიდომ ჰაუსზეც" შეგვიძლია იგივე ვთქვათ.

სრული დისკრედიტაცია განიცადა ამ ორგანიზაციამ. სიცრუეზე, ცილისწამებაზე აგებული კვლევები, რომლებიც მერე საჯაროვდება, და განცხადებები, რომლებსაც მერე მათი წევრები აკეთებენ, ნეიტ შენკანი, მაგალითად, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში მედიაპლურალიზმი საფრთხეშია.

ჩემი აზრით, საქართველოში მედიაპლურალიზმი არათუ საფრთხეშია, არამედ აღვირახსნილია. მე ვფიქრობ, იქნებ თვითონ, რამენაირად და არანაირი საკანონმდებლო თუ სხვა ხერხებით, დაფიქრდნენ, რას აკეთებენ, ვინაიდან ამ ტიპის განცხადებები, რომლებიც ამ „ფრიდომ ჰაუსიდან" გვესმის, მთლიანად ეფუძნება ვითომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების გზავნილებს და დასმენებს, როგორც წესი, ცილისწამებებს. ჩვენ სულ გვესმის მსგავსი ორგანიზაციებისგან, რომ დემოკრატია საქართველოში საფრთხეშია. მე ვფიქრობ პირიქით, რომ დემოკრატიამ დამახინჯებული ფორმა მიიღო და ამ პლურალიზმმაც დამახინჯებული ფორმა მიიღო, იმიტომ, რომ აბსოლუტურად უკონტროლოა.

ერთ-ერთი ძირითადი, ყურებადი არხის ხელმძღვანელი, გამუდმებით შეურაცხყოფას აყენებს სხვადასხვა ინსტიტუტებს, რომლებიც ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, პრეზიდენტის ინსტიტუტი და არცერთი პასუხი ჩვენ ქალბატონი პრეზიდენტისგან არ მოგვისმენია. ცილისწამება და ლანძღვა გინება ყოველდღიური, არცერთი პასუხი. ამის შემდგომ, ჩვენ ვიგებთ სხვადასხვა ორგანიზაციის დასკვნას, რომ თურმე ზეწოლაა და წინასაარჩევნო პერიოდი იყო მძიმე. ვისი მხრიდან იყო მძიმე, ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით? ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან იყო მძიმე? რომელიმე თქვენგანი დამისახელებს განცხადებას, სადაც ქალბატონი სალომე ვინმეს შეურაცხყოფას აყენებდა ან ცილს სწამებდა? ნიაღვარი ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციიდან მოდიოდა, რომელიც ტირაჟირებული იყო სააკაშვილის კერძო ტელევიზიიდან და ჩვენ ამის მომსწრე ვიყავით. ამ დროს რას ვხედავთ ჩვენ ამ ანალიტიკური მისიების მონაცემებში? აბსოლუტურად საპირისპირო სურათს, რაც ნიშნავს, რომ მათ თავიანთი თავი ამოწურეს. გავა რამდენიმე წელი და აბსოლუტურ უაზრობაში დარჩებიან. ქართველი საზოგადოება ბევრად უფრო გაიზარდა, ვიდრე პოლიტიკური სპექტრი", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

Maverick ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ცილისწამება, სიცრუის პრპაგანდა, ღირსების შელახვა კანონით არ ისჯება!!!
5 წლის უკან