"დამსახურებულად იყავით მხილებული, სინდისი როგორც პატარა ღმერთი, არ გაგაჩნიათ"

სხალთელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის ხმაურიან განცხადებებს, მეუფე პეტრე პასუხობს და სპირიდონს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

მეუფე პეტრე წერილობით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მეუფე სპიროდონი ბევრჯერ "დამსახურებულად" იყო მხილებული.

"თქვენი ქადაგება მრევლში დიდი ხანია, გაორებას იწვევს და არაერთგზის დამსახურებულად იყავით მხილებული. ვიდრე ეკლესია სამართლებრივად შეეხება დასმულ საკითხს, როგორც სინოდის წევრი, თავს ვალდებულად ვთვლი, გამხილოთ და მოგიწოდოთ საჯარო სინანულისკენ," - აცხადებს მეუფე პეტრე და "ციანიდის საქმეზე" საურისას ამბობს, რომ დეკანოზი მამალაძე „უსამართლობის და უზნეობის" მსხვერპლია.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ღიად საუბარი პატრიარქთან დაპირისპირებას არ გულისხმობს და სწორედ მეუფე სპირიდონის თანამოაზრეები „მიდიან ილია მეორეს დისკრედიტაციამდე".

ბრალდებებით გაჯერებული ქადაგების გამო, მეუფე პეტრე მეუფე სპირიდონის საკითხთან დაკავშირებით საეკლესიო სასამართლოს ჩატარებას ითხოვს.

„თქვენს შემთხვევაში ძალიან ბევრი კითხვები დაგროვდა, რაზეც ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ნაცვლად სინანულისა, კადნიერად და უსინდისოდ ეწევით ცილისწამებას, ილანძღებით და ფარისევლობთ. მე როგორც სინოდის წევრს, ჩემი სინდისი მავალდებულებს, ხმა აღვიმაღლოამ უსამართლობის, უზნეობისა და უპრინციპობის წინააღმდეგ. თქვენ კი ბრალს მდებთ, რომ, თითქოს, სხვის დავალებას ვასრულებ და ვახმოვანებ. ეჭვი მიჩნდება, რომ სინდისის ხმას არასოდეს აყოლილხართ ან არ შეუწუხებიხართ და არ განგიცდიათ სინდისის ზეწოლა ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ.

და რა დოზითაც ჩაერიეთ 80-იანი წლების ბოლოს ეკლესიისა და მცხეთის სასულიერო სემინარიის შიდა საქმეებში, როგორც ჩანს, ეს არ იყო არც რწმენით, არც სინდისის ხმით ნაკარნახევი და არც ეროვნული სულისკვეთებით გამოწვეული. ეჭვი მაქვს, რომ სინდისი როგორც პატარა ღმერთი, არ გაგაჩნიათ. ამიტომ აძლევთ თავს ამდენის უფლებას, სინდისის გარეშე კი ადამიანი ნამდვილად არის ცოცხალ-მკვდარი", - აღნიშნულია მეუფე პეტრეს წერილობით განცხადებაში.