ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და კავკასიის უნივერსიტეტის დირექტორმა კახა შენგელიამ მოაწერეს.
ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ ბიზნესის, ტურიზმის, ეკონომიკის, მედიცინისა და ჯანდაცვის, სამართალმცოდნეობის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, მედიისა და ტექნოლოგიების, ასევე განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და სიახლეების ტრანსფერს, როგორც საგანმანათლებლო, ისე საექსპერტო საკითხებზე.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „ამ მემორანდუმის ხელმოწერით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების ძალიან ფართო შესაძლებლობები გვეხსნება. ჩვენი თანამშრომლობა იქნება მრავალმხრივი. ამ კუთხით ორივეს ძალიან კარგი პოტენციალი გაგვაჩნია. ეს თანამშრომლობა საინტერესო იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესორებისთვის.“
„კავკასიის უნივერსიტეტი დაარსდა თსუ-ს წიაღში და ეს მემორანდუმი ჩვენი ტრადიციების გაგრძელებაა. ამით უდიდესი საშუალება გვაქვს ორივეს, რომ ერთმანეთის ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ და ამით კიდევ უფრო წინ წავიდეს ქართული განათლების სისტემა, უფრო ხარისხიანი უმაღლესი განათლების სისტემა გვქონდეს. ჩვენთვის ეს დიდი პატივია,“- აღნიშნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.
მემორანდუმი მოიცავს მხარეთა თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებების მიხედვით: საგანმანათლებლო პროგრამების, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების, ინოვაციური კვლევებითა და სწავლებით საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარება; გამოცდილების გაცვლა თანამშრომლობის სფეროში ძირითად საკვანძო საკითხებზე; ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ჩატარება.