ყოფილი პატიმარი, კოტე გიგაშვილი, ორი დღის წინ სახლში, ლანჩხუთში, საკაცით დააბრუნეს. კოტე ფეხზე ვერ დგება, ვერც საუბრობს. საწოლზე წევს და გაბმულად ლაპარაკობს.
„არ დამარტყა, არ დამარტყა“, „ხალხი გცემდნენ შენ, ხალხი მცემდნენ მე... 30 კაცი მცემდა,“ - მისი საუბრიდან გარკვევით რამდენიმე ფრაზა ისმის. იგი გამუდმებით ვიღაცას სთხოვს, რომ არ დაარტყან.
კოტეს ოჯახი ლანჩხუთში ცხოვრობს. ისინი სოციალურად დაუცველები არიან. კოტეს დედა, ჟუჟუნა ჩხაიძე ამბობს, რომ ციხეში მყოფ შვილს ფინანსური მდგომარეობის გამო იშვიათად ნახულობდა, თუმცა ყოველთვიურად უგზავნიდა ფულს.
„პენსიას შუაზე ვყოფდი და ვუგზავნიდი, ხან 30, ხან 40 ლარს. ბოლოს 2 თვის წინ დარეკა კარგად ვარო. გუშინწინ პოლიციიდან უბრალოდ ქაღალდი მომიტანეს, კოტე თავისუფალია და თბილისშია, საავადმყოფოში, წაიყვანეთო. წავიდნენ ჩამოსაყვანად და ასეთ მდგომარეობაში დახვდათ. „ნასილკით“ მომიყვანეს სახლში,“ - ამბობს ჟუჟუნა ჩხეიძე.
„ისეთი ბიჭი იყო, ამფერი მთელს ლანჩხუთში არ დეიარებოდა. შეხედვა გაგეხარდებოდა. ახლა შეხედეთ, გალეულია, ძვლებია დარჩენილი,“- ამბობს ეთერ ჩხეიძე, კოტეს რძალი.
ოჯახი აპირებს დამოუკიდებელი ექსპერტი მოიწვიოს და დაადგინოს, რა სჭირს კოტე გიგაშვილს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არანაირი ფინანსური რესურსი არ აქვთ.
„ექსპერტია მოსაყვანი და შესამოწმებელი, ეს რითაა გამოწვეული. საავადმყოფოდან რომ წამოყვანილია, ეს ფაქტია. სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ, გამგებელს შევეხვეწეთ, რამე თუ გაქვთ, იქნება დაგვეხმაროთ-თქო, პაპმერსის ფულიც კი არ გვაქვს. ფეხზე ვერ დგება, ვერ ლაპარაკობს, თქვენც ხომ ხედავთ, რა დღეშია,“ - ამბობს ოჯახის ახლობელი ეთერ ჩხეიძე.
კოტე გიგაშვილი 40 წლისაა. ციხეში 2009 წელს მოხვდა. სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა. ახლობლები ამბობენ, რომ მან სამწელიწადნახევარი ციხეში იმ დანაშაულისთვის გაატარა, რომელიც არ ჩაუდენია.
„მეზობელს ვენახს უსხლავდა. ამ დროს გათხოვილი შვილი ესტუმრა და მეზობელთან გადააკითხა. იმ სახლში ბეჭედი დაიკარგა. პოლიციაში იჩივლეს. გოგო ტიროდა, მე არ ამიღიაო. კოტეს შეეშინდა, ეს თოთობავშვიანი გოგო არ დამიჭირონო და თვითონ აღიარა დანაშაული, მე მოვიპარეო. სინამდვილეში არ მოუპარავს, მაგრამ დაიბრალა,“ - გვიყვება ყოფილი პატიმრის დედა.
კოტეს ძმისშვილი იხსენებს, რომ ბიძამისის ჩამოსაყვანად მარტო წავიდა.
„როცა მითხრეს, თავისუფალია და წაიყვანეთო, რას ვიფიქრებდი, ასეთ დღეში თუ დამხვდებოდა. მარშუტკით წავედი, მეთქი ჩავალ, და ერთად წამოვალთ–თქო. ორთაჭალაში იყო, ნიუ ჰოსპიტალში. ჩავედი და ასეთ დღეში დამხვდა. ექიმებს ვუთხარი, ასეთ დღეში თუ იყო, რატო არ გამაგებინეთ, მომზადებული ჩამოვიდოდი–თქო. არაფერი უთქვიათ. მერე ტაქსი ავიყვანე და წამოვიყვანე ლანჩხუთში. არაფერი არ გამოუტანებიათ, არც სამედიცინო ცნობა, საერთოდ არაფერი,“ - ამბობს ზვიად ჩხეიძე.
ოჯახი ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სახელმწიფოს იმედი აქვს. მათი თქმით, თუ სახელმწიფო არ დაეხმარება, ისინი ავადმყოფის მოვლას ვერ შეძლებენ, რადგან საამისოდ არავითარი სახსრები არ გააჩნიათ.
ციხიდან სახლში საკაცით მიყვანილი პატიმრის კადრები პირველად გუშინ, „ინფო 9"-მ გაავრცელა.